Accessibility links

დავით ზალკალიანი: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა გავრცელებული კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული თავისი კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სომხეთში საქართველოს საელჩოში დარეკა ჯანდაცვის მინისტრის სახელით ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა.

"მე მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ეს წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რაც განხორციელდა სულ ცოტა ხნის წინ საელჩოში, არის გულწრფელი", - თქვა ზალკალიანმა.

გუშინ, 22 მაისს მედიაში გავრცელდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის კომენტარი, რომელიც ეჭქვეშ აყენებდა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებს.

„ინფორმაცია განსჯისთვის: როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში ლაბორატორიულად კოროავირუსის 728 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 509 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდიაცვალა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ე.წ. პიკმა გადაირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG