Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: თამარ ბაჩალიაშვილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა


“მექანიკური დაზიანებები, ძალადობის კვალი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულს არ აღენიშნება” - უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის პოვნიდან მხოლოდ მეორე დღეს გააკეთა პირველი განცხადება მის შესახებ. ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია და ისიც, რომ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, 17 ივლისს მან აფთიაქში პრეპარატები შეიძინა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ემთხვევა თუ არა იმ მედიკამენტების დასახელებას, რაც გარდაცვლილის ავტომობილიდან ამოიღეს.

"ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალეიშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალეიშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეო კამერების ჩანაწერები" - თქვა მამუკა ჭელიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის გვამის დათვალიერების ექსპერტიზის პასუხს ოჯახი და ადვოკატი რამდენიმე დღეში მიიღებს. ოჯახის მოთხოვნით, ექსპერტიზაში ჩართულია ასევე დამოუკიდებელი ექსპერტიც.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG