Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გაირკვა და რა არა მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს


ადგილი, სადაც 23 წლის ახალგაზრდა ქალი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს
ადგილი, სადაც 23 წლის ახალგაზრდა ქალი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის შემდეგ მისი გარდაცვალების მიზეზები უფრო ბუნდოვანი გახდა.

ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა დაადგინოს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების დრო და მიზეზი.

„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. მრავალი ვერსია არის... ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა. დეტალურად, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების, კვალის ამოღება, დალუქვა. წამლები, რაც იქნა ამოღებული, რაც ნაპოვნია ჩანთაში. ...ბევრი კითხვა მაქვს”, - უთხრა 18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, მედიას მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ავტომობილიდან მისი გვამი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და სურს, რომ საქმეში ჩაერთოს დამოუკიდებელი ექსპერტი - წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” უკრაინელი თანამშრომელი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმოშინა. მისი პროფესიული სერტიფიკატი საქართველოში აღიარებული არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს “ემპათია” სერტიფიკატის აღიარების მოთხოვნით, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს გავუშვებთ და შემდგომში უკვე ადვოკატთან ერთად შევიმუშავებთ სტრატეგიას. ამ ეტაპზე ეს იქნება გარეგნული დათვალიერება და შემდგომში, ალბათ, იქნება აღებული გარკვეული ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის, რათა დადგინდეს გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა", - ამბობს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და მას ოჯახში 23 ივლისს, დილას გადაასვენებენ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მანქანაში ნაპოვნი წამლები, ფურცლები ჩანაწერებით და სხვა ნივთები, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის.

“ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ცოტა დრო მჭირდება, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული. დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი. მანქანა როგორ შემოვიდა, საბურავის კვალი, ეს ნიმუშები აღებულია, მერე რომ არ განადგურებულიყო. მერე რომ არ გაჩნდეს კითხვები და განადგურდეს ადგილები, მე თავიდანვე ავიღე ეს კონტროლი (ცუდი გაგებით არავინ გაიგოს), ყოველი შემთხვევისთვის კვალი ავიღე. მანქანაში მობილური ტელეფონი იყო“, - ესაა ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის, განცხადება იმ ადგილიდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა და გვამი იპოვეს.

ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი გაუჩინარების შემდეგ იპოვეს, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია და ტყისპირა მდელო უფრო ეთქმის, ვიდრე დაბურული, უკაცრიელი ტყე, სადაც ავტომობილის პოვნა უნდა გაძნელებულიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ განმარტავს, ეძებდნენ თუ არა ამ ადგილზე დაკარგულ ქალს, თუმცა ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ გაუჩინარებიდან ორ დღეში ამ ადგილზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები იყვნენ.

ავტომობილის მდებარეობა ეჭვს აჩენს ორი დამატებითი გარემოების გამო: საგამოძიებო სტრუქტურების ინფორმაციით, გარდაცვლილის პოვნამდე სამძებრო სამუშაოებში იყენებდნენ ავიაგადაღების აპარატურას და, ოჯახის ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არა პოლიციამ, არამედ მწყემსმა იპოვა.

„ძალიან დიდი უყურადღებობაა, მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდეს, მით უმეტეს, მათი [პოლიციის] განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, გამოყენებული იყო ვითომდა აეროგადაღება, დრონი“, - ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არც იმას განმარტავენ, რამდენი ადამიანი და რა სახის ტექნიკა იყო ჩართული სამძებრო ღონისძიებებში. არ გაკეთებულა განცხადება არც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიცვლება გამოძიების კვალიფიკაცია.

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. გარდაცვალების დადასტურების შემდეგ, როგორც წესი, ამგვარი საქმეები გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გრძელდება ხოლმე.

რა ვიცით ამ დროისთვის?

  • ოჯახს ეჭვი აქვს, რომ თამარი სამსახურთან დაკავშირებული გარემოებების გამო მოტყუებით მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც მისი ცხედარი იპოვეს;
  • მანქანის უკანა საბარგულზე ნანახი ახალგაზრდა ქალის ცხედრის და ამავე მანქანაში არსებული მედიკამენტების პოვნის შემდეგ გაჩნდა თვითმკვლელობის ვერსიაც. ოჯახისთვის ეს ვერსია არადამაჯერებელია. ადვოკატი ამბობს, რომ მანქანაში ნაპოვნი პრეპარატების შემადგენლობას ექსპერტიზა დაადგენს.
  • მანქანაში, თამარის საფულეში, ნაპოვნია ქაღალდები ჩანაწერებით, რომელზეც ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ეკუთვნის თუ არა ის თამარ ბაჩალიაშვილს. ოჯახის ადვოკატის თქმით, ესაა პატარა ბარათები, რომელიც უკვე დალუქულია.

"ეს როდინდელია ან ვის მიმართ არის განკუთვნილი –"ანაბარი გამოიყენეთ" - [არ ვიცით].

კიდევ ძალიან ბევრი ჩანაწერია – "ერთად წავიდეთ", "იქ მივდივართ", "აქ უნდა მოვიდე"... როდინდელია, საერთოდ რისი ჩანაწერია, [საფულეში] ძალიან ბევრი პლასტიკური ბარათი დევს და [ფურცელზე] არც ანაბარის ნომერი წერია, არც გვარი წერია – ვისთვის არის განკუთვნილი, თუ არის, საერთოდ, ვინმეს მიმართ.

ასე რომ, მე ვერანაირად ვერ ვუკავშირებ, თითქოს ვიღაცას დაუტოვა, რომ გამოიყენოს. ჯერჯერობით არაფრის მთქმელი არ არის", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

  • გარდაცვლილი სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა. ერთი მათგანია ვებდეველოპერული კომპანია “ზეგ”, მეორე კი შესაძლოა იყოს ავსტრიული კომპანია, თუმცა ოჯახის წევრების და თანამშრომლების მხრიდან ინფორმაცია მისი მეორე სამსახურის შესახებ დაკონკრეტებული არ ყოფილა.
  • კომპანია “ზეგ”- ის წარმომადგენელი უარყოფს მათ კავშირს ე.წ. “ტროლების ქარხანასთან”, თუმცა ამბობს, რომ იმ შენობაში, სადაც მათი ოფისია განთავსებული, ჭავჭავაძის გამზირზე, არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ აქ მართლაც ფუნქციონირებდა ე.წ. “ტროლების ქარხანა”.
  • კომპანია “ზეგ”-ის ოფისიდან, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამოღებულია კომპიუტერები.

რა არ ვიცით?

  • ამ დრომდე უცნობია “მეორე სამსახური”, სადაც თამარი დადასტურებულად მუშაობდა და სამუშაო, რომელსაც ის ასრულებდა.
  • გამოძიებამ შეძლო თუ არა თამარის პირად კომპიუტერში შეღწევა და რა ინფორმაციას ფლობს ის - 21 ივლისს, ოჯახს ორმა სხვადასხვა პირმა საგამოძიებო უწყებებიდან ორი განსხვავებული სახის ინფორმაცია მიაწოდა - მამას უთხრეს, რომ გახსენეს და მათი შვილი “დიდ პრობლემებში იყო გახვეული”, დედას კი ღამით გამართულ აქციაზე გამომძიებელი შესჩიოდა, რომ კომპიუტერის პაროლს “ვერ ტეხდნენ.”
  • უცნობია ისიც, რა დროს და როგორ აღმოჩნდა მისი მანქანა იმ ადგილას, სადაც 22 ივლისის დღის პირველ ნახევარში იპოვეს.
  • უცნობია, აღენიშნება თუ არა ცხედარს ძალადობის ნიშნები.

„უკანა სავარძელზე იყო. ვერც მივედი. ისეთ დღეშია, ისეთი ფერი აქვს, რომ ადამიანი ვერ უყურებს“, - თქვა შვილის ცხედარის მანქანიდან ამოყვანის შემდეგ გარდაცვლილის მამამ.

  • უცნობია, ნამდვილად მწყემსი იყო თუ არა ის, ვინც ახალგაზრდა ქალის მანქანა იპოვა 22 ივლისის დღის პირველ ნახევარში.
  • აღიარებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელი ექსპერტის კვალიფიკაციას და შეძლებს თუ არა დამოუკიდებელი ექსპერტი სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო პროცესებში.
  • გარდაცვალების რა შესაძლო ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და როგორ შეიცვლება მისი კვალიფიკაცია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG