Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სიცხით გამოცდა


„თბილისში დაიწყო აუტანელი სიცხეები. ვინ აიტანს ამ სიცხეებს? - მიპასუხეთ, აუტანელო სიცხეებო! - ვერავინ?! - მაშ, რატომ ხართ აუტანელი? იმიტომ რომ ვერ აგიტანონ?! მაშ, აგიტანთ!“ – ეს ჩანაწერი შოთა ჩანტლაძეს 4 აგვისტოთი აქვს დათარიღებული, ივლის-აგვისტო კი ის თვეებია, როცა თბილისში მზე უბრალოდ კი არ ანათებს, არამედ ქალაქის ქუჩებში დადის და თან დადის, სხვა თვეების მზეებთან შედარებით, ბევრად აღმატებული, იმდენად, რომ ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ტურისტ ბიჭუნას მისდაუნებურად დააცდენინებს: Ой, мама, сколько солнца... („უი, რამდენი მზეა, დედა...“)

ასე რომ, თუ ივლის-აგვისტოში თბილისს შემორჩენილმა მეგობრების წრეში ან ფეისბუკში დაიჩივლე, ზაფხულს ზამთარი მირჩევნიაო, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდას ვერ გაუძელი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მრავალათასიანი არმიის რიგები შეავსე, რომლის წევრებიც ზაფხულში ზამთარს მისტირიან, ზამთარში კი - ზაფხულს. ამგვარი მერყევი ადამიანების რიცხვი, როგორც უკვე ითქვა, დიდია. სხვათა შორის, ამ არმიის „საპატიო წევრი“ იყო ვახტანგ ჭელიძე, ცნობილი მწერალი და მთარგმნელი, რომელსაც წლების წინ უბის წიგნაკში ასეთი რამ ჩაუწერია:

„უშინსკის პატარა მოთხრობის გმირებს რომ მოუვიდათ, დაახლოებით მეც ისე მომდის: ზაფხულში, მზე რომ მაგრად დააცხუნებს და სუნთქვა ჭირს, ძალიან გამიჭირდება, ვეღარ მომისვენია და ვამბობ - „მაინც ზამთარი სჯობს; როგორადაც არ უნდა აცივდეს, სახლს დაათბობ, თბილად ჩაიცვამ და სიცივე ვეღარაფერს დაგაკლებს, ბოლოს და ბოლოს, ოფლში მაინც არ იცურებ“; დადგება ზამთარი, სიცივე შემოგვეჭრება, დაიჭერს მაგარი ყინვები, ვეღარ გამთბარხარ, ვეღარ გამართულხარ, სუნთქვა გიჭირს, და მაშინაც ვიტყვი ხოლმე: „რა თქმა უნდა, ზაფხული ჯობს. თუ დაგცხება, შილიფად ჩაიცვამ, ცივ წყალში იბანავებ, ჩრდილში მოეფარები მზეს, მთაში წახვალ, ასე დათრგუნვილი მაინც არა ჰყავხარ მზეს, როგორც ყინვა თრგუნავს“...

ჩვენ ვლაპარაკობთ თბილისურ ზაფხულსა და თბილისურ ზამთარზე, თორემ, ცხადია, ექსტრემალური სიცხეც საშინელებაა და სიცივეც. როგორც რუსთაველმა თქვა: „სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან“.

საბოლოო ჯამშიც, ან ცეცხლი შეგვიწირავს, ან ყინვა. რობეტ ფროსტს რომ დავესესხოთ (“Fire and Ice”), კაცობრიობას საკმაოდ მწირი არჩევანი აქვს და ასარჩევიც მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი სტიქიაა.

“ერთნი სამყაროს დასასრულად ცეცხლს გვიქადიან,
მეორენი – გამყინვარებას“
, - ასე იწყება ამერიკელი პოეტის ცნობილი ლექსი, რომელიც ქართულად ზვიად გამსახურდიამ თარგმნა:

„როცა ვიხსენებ, თუ რა მწადდა და რა მწადიან,
ვემხრობი მათ, ვინც აღსასრულად ცეცხლს გვიქადიან.
მაგრამ თუ ორგზის შეგვეხსნება ნგრევის კარები,
მე სიძულვილსაც კარგად ვიცნობ, ახლა რომელიც
მაფიქრებინებს, რომ ნგრევისთვის გამყინვარება
ძალა არის არანაკლებ განუზომელი”.

ცეცხლოვანი სიცხე და გამყინვარება - ორივე მართლაც „განუზომელი ძალაა“. სწორედ ამ სიძლიერის გამოა, რომ ავტორიტარული რეჟიმები კლიმატურ პირობებს დღემდე სასჯელად ან სასჯელის დასამძიმებლად იყენებენ, რაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ჰერტა მიულერს, ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალს:

„პოლარულმა წრემ და უდაბნომ, ყინვამ და სიცხემ შეიძლება მოგკლას, მათი წამების იარაღად გამოყენებაც შეიძლება ადამიანების განადგურების მიზნით“ ("ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა").

თუმცა ყინვა და სიცხე, როგორც წამების საშუალებები, მაინც არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შემთხვევით არ არის, რომ დანტეს ჯოჯოხეთის ყველაზე დაბალ ნიშნულზე ყველაზე დიდი ცოდვილი, ლუციფერი, ყინულის ტბაშია ჩაჭედილი და არა მდუღარე ქვაბში.

მაგრამ დავუბრუნდეთ სააქაოს. როცა კლიმატი, უფრო ზუსტად კი, ზამთარ-ზაფხული სასჯელის სახით არ არის მოცემული, ყინვასთან ბრძოლა მაინც სიკვდილ-სოცოცხლის ამბავია, ხოლო სიცხესთან ბრძოლა - კომფორტის. ნამდვილ თბილისელებს კი არასოდეს აფრთხობდათ სიცხით გამოწვეული დისკომფორტი, რაც კარგად აღუწერია პოეტ გრიგოლ ორბელიანს 1862 წლის 12 აგვისტოს მეგობრისთვის მიწერილ წერილში:

„ტფილისში იყო საშინელი გაუძლებელი სიცხე. საკვირველი სანახავია და, ამასთან, სასაცილოცა, რომ იმ საზარელ სიცხეში და მტვერში ქალები გულდამშვიდებით და კოხტაობით მიმოსეირნობენ გოლოვინის პროსპექტზედ“.

თბილისსა და თბილისელებს სიცხის არასოდეს ეშინოდათ...

„ქალაქ ტფილისში ჩვეულებრივი სიცხეები დაიჭირა“, - წერდა 1887 წლის 10 ივლისს გამოსული „ივერია“ და ამ „ჩვეულებრივ სიცხეებს“ თბილისელები, როგორც წესი, ხუმრობითა და ხალისით ხვდებოდნენ:

„მზე როს ციდან იყურება,

სხივებს ის არ იშურება,

ხალხნი ვოფლით იყურება

და საშინლად იწყურება

და სიცხისა მოსაკლავათ

თფილსა ვიძრობთ სამოსლებსა,

ხან ბაღებში ვწევართ ხოლმე,

ხან პადვლებს და ხან ბოსლებსა“ („ეშმაკის მათრახი“, 1916 წ., 31 ივლისი).

თბილისის ღრმა „პადვლებში“ ისედაც სულ სიგრილე იყო, მაგრამ თადარიგიანი თბილისელები ამ სარდაფებში ლამის ნოემბრამდე ინახავდნენ ყინულებს, რომლებსაც ზამთრობით მოიპოვებდნენ ლისის, დიდვარცლის, მლაშე, დიდგორ-წინის, შიოს, მუხათგვერდის, ჭაჭაურების, ძეგვისა და ჩახერგილის ტბებზე.

თბილისელების ხსნა და შველა იყო ქალაქის შუაგულში მიმავალი მტკვარი, რომლის კლდოვან ნაპირებზე უფრო მეტი ადამიანი ირუჯებოდა, ვიდრე საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.

ტფილისური მწველი ზაფხული ქალაქის მწვანე საფარის მოკავშირეც იყო. სიცხეების გასამკლავებლად ირგვებოდა ხეები და ეწყობოდა სკვერები, რასაც მტრობდა და მუსრს ავლებდა ზამთარი და სიცივეში გათბობის აუცილებლობა. ასე, ცივი ზამთრების მოკავშირეობით გაიკაფა და გაუდაბურდა თავის დროზე მთაწმინდის კალთები და თბილისის შემოგარენი.

„ცეცხლი და სასმელი“ – ეს ორი საიმედო მოკავშირე ჰყავდა ზამთრის ყინვებთან მებრძოლ ადამიანს ძველ თბილისშიც და ძველ საბერძნეთშიც, სადაც პოეტ ალკეოსს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. VII-VI საუკუნეებში უთქვამს:

"...მეუფებს ყინვა.

გადაყინულან მდინარეები.

განდევნე სახლიდან სიცივე.

შეუკეთე ბუხარს.

აავსე ტაკუკი შუმი ღვინით.

თავი მიჰყავ თბილ ბალიშში

და მიყუჩდი ეგრე“ ( მთარგ. გიგლა სარიშვილი).

ალკეოსის დროიდან დღემდე დიდად არც არაფერი შეცვლილა. ზამთარი სიცივესთან და სამუდამო მიყუჩებასთან შეგუებაა, ზაფხული კი ღვიძილი და სიცოცხლეა. ოფლის ღვრაც, რის გარეშეც წარმოუდგენელია ზაფხული, ცოცხლების უპირატესობაა, მხოლოდ მკვდრებს არ სდით ოფლი! ასე რომ, გავუძლოთ თბილისის სიცხით გამოცდას, თორემ, როგორც შოთა ჩანტლაძე იტყოდა, მზეს ეკარგება ნათების ხალისი...

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG