Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰქონდეს და უყუროს“ - სტალინის ძეგლი ზესტაფონში


სოციალური ქსელით სტალინის ძეგლის ფოტოები ვრცელდება. ძეგლი ზესტაფონში, სამშენებლო საწარმო გაერთიანება „იმერეთიეზოში, დგას.

„იმერეთის“ ხელმძღვანელი, რუბენ ჩინჩალაძე, ამბობს, რომ ძეგლი საწარმოს ტერიტორიაზე 30 წლის განმავლობაში იდგა და რამდენიმე თვის წინ განაახლეს.

თქვენ, მე და ჩვენისთანები ვართ კომპეტენტურები, სტალინის შევაფასოთ?
რუბენ ჩინჩალაძე

სტალინის ძეგლი, დაახლოებით, ხუთი მეტრი სიმაღლისაა, კვარცხლბეკზე კი ქართულად და რუსულად სხვადასხვა მოღვაწეების ამონარიდებია დატანილი.

ვახტანგ გოგუაძე: „...როცა ქართველი ერი იამაყებს სტალინის სახელით, მაშინ გადარჩება იგი“.

კონსტანტინე გამსახურდია: „სტალინის სახით მსოფლიოს ყველა მშრომელს ჰყავდა ნაცადი სტრატეგი, ჩვენი ეპოქის უდიდესი მოაზროვნე“...

პატრიარქი ალექსი I: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინი - ხალხის ბედნიერების დიდი მშენებელი“.

რუბენ ჩინჩალაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სტალინის შეფასებას განსაკუთრებული ინტელექტი სჭირდება.

„თქვენ იცით, ვისზე საუბრობთ? თქვენ, მე და ჩვენისთანები ვართ კომპეტენტურები, სტალინი შევაფასოთ? მისი შეფასება ჩვენ კი არა, მსოფლიოს არ შეუძლია. წაიკითხეთ მსოფლიო დიპლომატების ციტატები მის შესახებ, გაეცანით, გააანალიზეთ და მერე ვისაუბროთ!“- ამ სიტყვებით რუბენ ჩინჩალაძემ ტელეფონი გათიშა.

„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გოგი წულაია ამბობს, რომ სტალინის ძეგლი ქვეყანაში არსებულ მენტალიტეტს ძალიანაც შეესაბამება:

„ეს აჩვენებს, რა დროშიც ვართ. არც არის გასაკვირი, რომ ადამიანები ისევ სტალინის ეპოქას მისტირიან. ისევ გვინდა მარჩენალი, მრჩეველი და კიდევაც ეტყობა ეს ცხოვრებას. მეტი რა ახსნა უნდა ჰქონდეს?! საცოდავია ერი, რომელიც ახლა სტალინს მისტირის...

რა უნდა უყო? თუ მისი კერძო საკუთრება, ჰქონდეს და უყუროს. მასე გრიშა ონიანსაც კი უდგას სტალინი ეზოში. სტალინი იქნები ისევ, რომ მიხვიდე და დაუნგრიო, - ამბობს გოგი წულაია.

ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე კი აცხადებს, რომ ძეგლი საწარმოს ეზოში, უკვე წლებია, დგას და რადგან ეს ეზო კერძო საკუთრებაა, არავის აქვს უფლება მას შეეხოს. მისი თქმით, კერძო სექტორში შევარდნა და ბიზნესის დაწიოკება საქართველოში 2012 წელს დასრულდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG