Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო


თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი რურუას პატიმრობა 3 მუხლით შეეფარდა. მათ შორის ყველაზე მძიმე სასჯელი 4-წლიანი პატიმრობა იყო, რომელმაც შედარებით მსუბუქი სასჯელი შთანთქა.

სასჯელი შეეფარდა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

  • იარაღის შეძენა-შენახვა (სსსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - 3 წელი;
  • იარაღის ტარება (სსსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი) - 4 წელი;
  • სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (სსსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილი) - 6 თვე.

სასამართლომ 29 ივლისს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. „ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩემ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები“, - თქვა გიორგი რურუამ. როგორც მან თქვა, „ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან" მისი წინასწარ გამოცხადება დამნაშავედ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას.

რურუამ განმარტა, რატომ გახდა ხელისუფლების სამიზნე. „ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიის აქციების შეძენა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა, ასევე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა რუსეთის იმპერიის ჩრდილში ყოფნა. გასაგებია. სწორედ, ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია“, - აღნიშნა გიორგი რურუამ და დაამატა, - „რა არის დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა? ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა. მე მინდა მეგობარ ელჩებს დიდი მადლობა გადავუხადო 8 მარტის ისტორიული დოკუმენტის მიღებაში“.

საქმის განხილვის დასკვნით სხდომაზე რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა სამართალზე, კანონსა და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG