Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსენეთ, რა უძღვოდა წინ გიორგი რურუას დაკავებას და რა მოხდა შემდეგ


8 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ოპოზიციური “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დასრულდა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 30 ივლისს, 11:20 საათზე გამოცხადდა.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები დროში - დააკლიკეთ და ნახეთ თაიმლაინი.

რას ედავებიან გიორგი რურუას?

2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა - როგორც ბრალდებული ყვება - პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან, მძღოლთან და დაცვის წევრთან ერთად, საკუთარი მანქანით წავიდა ბაგების მიმართულებით. ვაკის სასაფლაოსთან ახლოს მანქანა პატრულის ეკიპაჟმა გააჩერა.

ბრალდების მტკიცებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი რურუას ავტომობილში ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

მოგვიანებით, გამოძიებამ რურუას ახალი ბრალდება წაუყენა, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლის მუხლით. იმიტომ, რომ ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში უარი თქვა, სასამართლო განჩინების საფუძველზე “დნმ-ის ნიმუშისა და ხელის კვლების აღებაზე”.

მოგვიანებით, სამართალდამცველებმა გიორგი რურუას საკნიდან ამოიღეს მისი პირადი ნივთები, რისი უფლებაც სასამართლოსგან ჰქონდათ. თუმცა პროცესს არ დასწრებია რურუას ინტერესების დამცველი.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იარაღზე არ ამოვიდა გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები, ამოვიდა დნმ-ის კვალი და ეს ადასტურებს, რომ რურუას იარაღთან შეხება ჰქონდა. დნმ-ის ექსპერტიზის გარდა, პროკურატურის მტკიცებით, არის მოწმეთა ჩვენებები, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება რურუას ბრალეულობა.

“მე ვარ პოლიტიკური პატიმარი” - რას ჰყვება გიორგი რურუა

გიორგი რურუა ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და დაკავებას მის პოლიტიკურად გააქტიურებას უკავშირებს - რადგან ის აფინანსებდა ანტისამთავრობო და ანტი საოკუპაციო აქციებს და შეიძინა ოპოზიციური “მთავარი არხის” წილი.

გიორგი რურუა თავის ჩვენებაში თხრობას იწყებს 19 ივნისიდან, როცა ტელევიზიით ნახა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. 20 ივნისი კი, რურუასთვის, “იყო წითელი ხაზი”, რომელიც ხელისუფლებამ გადაკვეთა, როცა “მოქალაქეებს დევნიდნენ, სახეში ესროდნენ, იმიტომ, რომ დაეშინებინათ, ჩაეკლათ მათი სამართლიანი აღშფოთება”.

გიორგი რურუა ჰყვება, რომ რამდენიმე დღეში მეუღლესთან ერთად თბილისში დაბრუნდა და რუსთაველზე, საპროტესტო აქციებზე 100 დღე გაატარა.

“17 ნოემბერს დავრჩი პარლამენტთან. პიკეტში მივიღე მონაწილეობა. ცივი პერიოდი იყო. შეშას ვაგროვებდით, ვთბებოდით. მთელი ღამე გავატარე პარლამენტთან”, - ამბობს რურუა და განაგრძობს, რომ მომდევნო დღის 12 საათს გადაცილებული იყო, როცა მძღოლთან და დაცვის წევრთან ერთად, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჩავსხედით საკუთარი მანქანაში, წავიდნენ ბაგების მიმართულებით მის საცხოვრებელ სახლში.

“გზაში ვერაფერი შევამჩნიე, რადგან დაღლილი ვიყავი. ფეისბუკზე რაღაცებს ვნახულობდი. ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ, პატრულმა გაგვაჩერა. ვიფიქრე დავარღვიეთ რამე, ჯარიმას გამოგვიწერს მეთქი”. ამის შემდეგ, რურუას მონათხრობით, ის საკუთარი მანქანიდან გადავიდა და პოლიციის მანქანისკენ წაიყვანეს.

“ვეკითხებოდი, რაზე დამაკავეთ მეთქი. მივალთ სამმართველოშიო… წავედით სამმართველოში, უფროსებს აქვთ სალაპარაკოო”, - ამბობს რურუა.

სამმართველოში, რურუას განცხადებით, თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. შემდეგ ძალით აუღეს დნმ-ის ნაცხი. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩხრიკეს - ჯიბეებიდან ამოიღო საფულე, ათლარიანი, პლასტიკური ბარათები, ტელეფონი, “ფაუერ ბანკი”, გასაღები, პარალონი (სპეციალური მატერიისგან დამზადებული დასაფენი, რომელსაც იყენებენ ცივ ადგილზე დაწოლისას) .

გიორგი რურუა მოსამართლეს უჩვენებს ვარდისფერ პარალონს.
გიორგი რურუა მოსამართლეს უჩვენებს ვარდისფერ პარალონს.

გიორგი რურუა ამტკიცებს, რომ სამმართველოში მიყვანისას მას ჯიბეში ედო ვარდისფერი პარალონი, რომლის მხოლოდ ნახევარი ეტეოდა ჯიბეში, ნახევარი კი ამოშვერილი იყო. მისი თქმით, ეს უნდა ჩანდეს სამმართველოს ვიდეო ჩანაწერებში და ეს დაამტკიცებდა, რომ მისი ჩხრეკა არ მოხდა დაკავების ადგილზე, როგორც ეს ოქმშია მითითებული.

რურუა ასევე, ამბობს, რომ მას 49 სხვადასხვა იარაღი აქვს ლეგალურად გაფორმებული - 10 საკუთარი, 39 კი გარდაცვლილი ძმისგან, ნიკა რურუასგან გადაიფორმა. ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი, რომელსაც პროკურატურა სადავოს ხდის, მისთვის უინტერესო მოდელია. დაცვის მხარის ინფორმაციით, ოქმში იარაღი არაა აღწერილი და წერია მხოლოდ ის, რომ ამოღებულია “მეტალის მუქი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი”.

როგორ ამტკიცებს რურუას დაცვა მისთვის იარაღის “ჩადებას”?

გიორგი რურუას ერთ-ერთი ადვოკატი, სანდრო ბარამიძე რადიო თავისუფლებასთან იმ მთავარ სამართლებრივ არგუმენტებზე საუბრობს, რის გამოც დაცვის მხარე საქმეს “შეკერილად” მიიჩნევს:

“ისეთი სამარცხვინოდ და უნიჭოდ შეკერილი საქმეა, ვერც კი წარმოიდგენთ, ერთ საქმეში ამდენი დარღვევა როგორაა”, - ამბობს ის. კერძოდ:

ფიზიკურად გიორგის ამ იარაღთან შეხება არ ჰქონიაო, - ამბობს ადვოკატი. ორი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - რომლებიც რადიო თავისუფლებას რურუას უფლებადამცველებმა ჯერ კიდევ თებერვალში მიაწოდეს - ბრალდებულის ტანსაცმელზე მეტალის კვალი არ დაფიქსირდა; ვაზნებისა თუ შიდა მჭიდის სამაგრის ზედაპირებზე რურუას თითების კვლები არ გამოვლინდა. დაცვის მხარის მტკიცებით, რურუას ანაბეჭდები არ არის არც იარაღზე.

სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ბრალდებულის დნმ ხელოვნურად გადაიტანეს იარაღზე - პოლიციაში მიყვანისთანავე მას კისრიდან აუღეს ნაცხი, მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ადვოკატის თქმით, გამომძიებელმა გენეტიკური ექსპერტიზა მხოლოდ ანაწმენდების აღების მიზნით შეუკვეთა შსს-ს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს. ბარამიძის მტკიცებით, ექსპერტის შედგენილი არავითარი დოკუმენტი, დასკვნა, ოქმი, როგორ, რა მასალების გამოყენებით აიღო მან ეს ანაწმენდები იარაღიდან, საქმეში არ არის. ამის შემდეგ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნეს არა თვითონ ნივთმტკიცება - საკუთრივ იარაღი - არამედ ანაწმენდები. “ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი მტკიცებულება”, - ამბობს ბარამიძე.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა იმ ადგილას, სადაც დააკავეს რურუა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს. “გამოძიებელი, რომელმაც შეადგინა ჩხრეკის ოქმი და ვითომ ჩაატარა ჩხრეკა ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სინამდვილეში იქ საერთოდ არ ყოფილა”, - ამბობს ბარამიძე და განაგრძობს: “გიორგი რურუამ ეს კაცი ნახა მხოლოდ სასამართლოზე”. დაცვის მხარის მტკიცებით, მანქანა გაჩხრიკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ეზოში, გადაყვანიდან მოგვიანებით. არადა ბრალდება ამტკიცებდა, რომ ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა.

გიორგი რურუა გააჩერეს პატრულის თანამშრომლებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამხრე კამერებით. ფოტო/ვიდეო მასალა კი საქმეში არ დევს. კამერის ჩართვის ვალდებულება არ არსებობს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელებმა თქვეს, რომ მანქანაზე არ მუშაობდა კამერა; ერთ-ერთმა თქვა ქურთუკი, რომელზეც კამერა იყო “მანქანაში დავტოვეო”.

ყველა ნივთმტკიცება ილუქება პაკეტში, უნიკალური ნომრით, რათა არ დაირღვეს კონტეინერის მთლიანობა. ადვოკატის მტკიცებით, იარაღი, მთავარი მტკიცებულება, ჩვეულებრივ ცელოფნის პაკეტშია მოთავსებული, რომლის ლუქი არის მრავალჯერადი გამოყენების.

პროკურატურა რურუას ინტერესების დამცველების მტკიცებას უარყოფს და აცხადებს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა სპეციალურ პაკეტში, რომელიც დაილუქა წესების დაცვით.

სანდრო ბარამიძე პრობლემურად მიიჩნევს გამოძიების დაწყების საფუძველს. მისი თქმით, “18 ნოემბრის დილას, პავლე მაჭარაშვილი, თბილისის პოლიციის თანამშრომელი, წერს თავის უფროსს, როლანდ მესხს, შემომივიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიორგი რურუა გადაადგილდება წყნეთის მიმართულებით მას სავარაუდოდ აქვს ცეცხლსასროლი იარაღი”. ბარამიძე განმარტავს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით, გამოძიება არ შეიძლება დაიწყოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით და ასევე, არ შიძლება ადამიანის ჩხრეკა, თუ წყარო არაა გამოკვლეული და მისი ნამდვილობა დადასტურებული.

“აქაც ოპერატიული ინფორმაცია აბსოლუტურად ანონიმური დარჩა. ცხადია, ამ წყაროს ვინაობა არც არავისთვის არ გაუმხელიათ, მათ შორის, არც სასამართლოსთვის”, - ამბობს ის.

ხედავენ თუ არა დარღვევებს საქმეში სხვები?

გიორგი რურუას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში კითხვის ნიშნებს ხედავს საქართველოს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქმის მასალებში არ დევს ობიექტური, ან ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რურუას მიერ იარაღის ფლობას.

„მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები. ბუნებრივია, გიორგი რურუას მხარე ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პოლიციელები ამბობენ, რომ მანქანაში მას უპოვეს იარაღი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები, ან არ გვაქვს დამოუკიდებელი, ან ობიექტური მოწმის ჩვენებები, რომელიც შეესწრო, ან დაასწრეს აღნიშნულ ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” მიაჩნიათ, რომ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკის ოქმი კანონდარღვევით შედგა, რაც ეჭვქვეშ აყენებს ნივთიერი მტკიცებულებების რეალურობას. TI-ის მტკიცებით, არსებობს საფუძველი, სასამართლომ დაუშვებლად ცნოს გიორგი რურუას ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთმტკიცებები.

საპროცესო დარღვევებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომლის ანალიზის თანახმად:

  • გიორგი რურუას პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა;
  • დაკავებისას გიორგი რურუას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულისთვის უფლება-მოვალეობები არ განუმარტავთ;
  • პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები;
  • გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე ჩაატარა;
  • გიორგი რურუას მიმართ ბრალის დამძიმება კონსტიტუციურ საფუძვლებს მოკლებულია.

“გავრილოვის ღამეს” შემდეგ, საარჩევნო სისტემის გარშემო დაწყებული ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა თითქმის პროპორციულ სისტემაზე. ამასთან, ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, “ქართულმა ოცნებამ” “პოლიტიკურ” პატიმრების - გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, ბესიკ თამლიანისა და გიორგი რურუას - გათავისუფლების პირობა დადო. მმართველი პარტია ამას უარყოფს. დღემდე, საპატიმროში რჩება მხოლოდ გიორგი რურუა, რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

საქართველოს ხელისუფლება გიორგი რურუას პროცესში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება და, “მით უმეტეს, მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ყოფილა“.

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, კრიმინალები უნდა ისხდნენ ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს:

„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს”, - აცხადებს გახარია.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG