Accessibility links

სერგეი ლავროვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იმედს გამოთქვამს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სურს იმედი იქონიოს, რომ საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება, ამის შესახებ ის გაზეთ„ტრუდთან“ ინტერვიუში საუბრობს.

„იმედი მინდა მქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია, ყურადღებით ვაკვირდებით თვითონ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. რასაკვირველია, ველოდებით რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საერთო ნორმალიზაციას, სხვა მიმართულებით რეგულარული ავიარეისების გახსნას“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.

ის, პანდემის გამო შეწყვეტილი, აბაშიძე-კარასინის დიალოგის და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის აღდგენის შესახებაც საუბრობს და მათი სწრაფად განახლების იმედს გამოთქვამს. ასევე რუს და ქართველ ხალხს შორის კავშირებსაც ეხება.

„რუსეთი ყოველთვის ამაყობდა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მეგობრული კავშირებით, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ სხვადასხვა სახელით, ერთი ასწლეული“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იანვარში აცხადებდა, რომ საქართველო დადებითად შეხვდება რუსეთის მხრიდან შეწყვეტილი ფრენების აღდგენას. „ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება“, - აცხადებდა იგი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG