Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენა მოსკოვზეა დამოკიდებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსთან რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული. ასე ეხმაურება ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინტერვიუს, რომელშიც ის გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია.

ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.

„საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.

„გრძელდება მილიტარიზაციის, ბორდერიზაციის, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლების პროცესი, ყოველდღიურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივი კავშირების სრულფასოვანი აღდგენა, მან უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების, შესრულება და რეალური პროგრესი გვიჩვენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სურს იმედი იქონიოს, რომ საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება, ამის შესახებ ის გაზეთ„ტრუდთან“ ინტერვიუში საუბრობს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG