Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: მე ვბრუნდები!


„მე ვბრუნდები!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ტექსტური და ვიდეოვარიანტი ფეისბუკზე გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

ის ამბობს, რომ 7 წელი საკმარისი დრო იყო დაფიქრებისა და ბევრი საკითხის გადასაფასებლად: „წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები რა თქმა უნდა იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში“.

სააკაშვილის სიტყვებით, უსაზღვროდ მადლიერია ქართველი ხალხის, რომელმაც აქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ: „ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2020 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სააკაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა უკრაინის ვიცე-პრემიერად, რასაც მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის წევრთა უმრავლესობამ.

მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა, თბილისმა კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩი გაიწვია. საქართველოს მთავრობაში მაშინ განაცხადეს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა საქართველოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამ შეკითხვები გააჩინა.

აგვისტოს დასაწყისში, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ შეიძლება იყოს უკრაინის პრემიერობის კანდიდატი. ეს იყო პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა მის შესაძლო დასახელებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

14 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კოალიციური მთავრობის ფორმირების პერსპექტივაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.

მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ძებნილი პირია. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG