Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით მიმართა გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს


საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს ახლად არჩეულ სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა.

საქართველოს ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაგზავნილ წერილებში სახალხო დამცველი აღნიშნულ პირებს ინფორმაციას აწვდის ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, რაც, ომბუდსმენის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე, ხაზს უსვამს, რომ კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩარევებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა ქვეყანაში, განსაკუთრებით საარჩევნო წლის განმავლობაში.

წერილებში სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს, დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა არაერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა ტელევიზიაში დასაქმებულებსა და სამსახურიდან დათხოვნილ პირებს. ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაცია კი 2020 წლის 24 აგვისტოს გამოსცა. კერძოდ, სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის, ასევე მომავალში შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ანდა სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG