Accessibility links

პროკურატურა: ბრალდებული პირების წინააღმდეგ საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს


რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა მყარი მტკიცებულებები დევს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ახალ მასალებში ბრალდებული პირების წინააღმდეგ, პროკურორი ამირან გულუაშვილის პასუხობს, რომ ამგვარი მტკიცებულებები არაერთია და გამოძიება კვლავ ელის გარკვეულ პასუხებს:

„ეს არის ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც დროით კომპონენტებთან დაკავშირებით იძლევა კონკრეტულ ინფორმაციას. ეს არის პირთა ჩვენებები, რომლებიც არიან დაზარალებულები იმ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდებოდა გიორგი შაქარაშვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების მიმართ. ეს არის, საგამოძიებო ექსპერიმენტები, რომელთა გაქარწყლებასაც შეეცადა დაცვის მხარე დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტით, თუმცა, მათი ექსპერიმენტი სრულად არის აცდენილი რეალობას. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება დაზიანებებთან მიმართებით, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ხევში ჩასვლა დაზიანებების გარეშე, და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მტკიცებულებითი თვალსაზრისით, ეს არის დაზიანებები, მათი მიყენება, განვითარება და გარდაცვალება, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები და მომავალშიც ველოდებით გარკვეულ კითხვებზე პასუხებს“.

3 სექტემბერს, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მესამე დასკვნა გამოაქვეყნა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG