Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩაატარეს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებულების ადვოკატებმა, 19 აგვისტოს ღამეს, 01:00 საათისთვის, მცხეთაში, არაგვის ხიდთან, რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. დამოუკიდებელ საგამოძიები ექსპერიმენტში, რომლის ოქმიც ადვოკატებმა საქმის მასალებს უნდა დაურთონ, რამდენიმე პირი იღებდა მონაწილეობას.

ამ საგამოძიები ექსპერიმენტებით, ადვოკატებს სურდათ გაებათილებინათ ბრალდების ვერსია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილს ციცაბო ბილიკზე დაედევნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. ასევე მათი მიზანი იყო, შეემოწმებინათ, შეეფერებოდა თუ არა სიმართლეს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგაძის ახალი, 2 აგვისტოს ჩვენება, რომლის თანახმადაც, ადვოკატების თქმით, იმ მშენებარე სახლიდან, სადაც ის იმალებოდა, დაინახა, როგორ მისდევდა გიორგი შაქარაშვილს ორი პირი. გარდა ამისა, მათ აღადგინეს იაკობ ბრეგაძის 20 ივნისის ჩვენების დეტალებიც. ადვოკატების ინტერესების არეალში მოექცა ე.წ. ფერად სახლთან განვითარებული მოვლენები და ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაც.

ადვოკატებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის მზადება 18 აგვისტოს, დღის სინათლეზე, 20:00 საათისთვის დაიწყეს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ხუთი ეპიზოდი გაითამაშეს, თუმცა, მეექვსე ეპიზოდი, ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, ექსპერიმენტის შეწყვეტა მათ უსაფრთხოების გამო გადაწყვიტეს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, გამთენიის 3 საათისთვის, ჟურნალისტებთან საუბრისას, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერიმენტების საფუძველზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. ვასილ მამულაშვილის თქმით, ექსპერიმენტით დადგინდა, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი, ცრუობს:

„ჩვენ ჩავატარეთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 20 ივნისით მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, სადაც იგი მიუთითებს, რომ მან დაინახა „ტოიოტა კამრით“ მოსული სამი პირი, რომლებიც 10 წუთის განმავლობაში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ამ ადამიანებს. ინსცენირება მოვახდინეთ და აღვადგინეთ ეს რეალურ დროში, გამოვიყენეთ ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქმეშია განთავსებული და დადასტურდა, რომ ბრეგაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ, შესაბამისად, მის მიერ მომავალში მოწოდებული ინფორმაციაც იქნება დაუშვებელი მტკიცებულება. ასევე ჩავატარეთ ექსპერიმენტი იმ შესაძლო ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელსაც არჩილ გაგნიძის ადვოკატები არ ვიცნობთ. ეს არის 2 აგვისტოს ჩვენება, სადაც თითქოს მიუთითებს, რომ ხიდის დაახლოებით 60-70%-ის გავლის შემდეგ, მან დაინახა ორი პიროვნება, რომელიც მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ არ არიან ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ცდა ჩავატარეთ და დადასტურდა, რომ ბუნებრივი განათების პირობებში, შეუძლებელი იყო მას დაენახა, არა პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი“.

კიდევ ერთი ექსპერიმენტი შეეხებოდა იმ მოცემულობას, თუ რამდენად ექნებოდათ მდევრებს შესაძლებლობა, დაენახათ 30-50 მეტრის დაშორებით ამირხანაშვილი, ახვლედიანი და შაქარაშვილი. ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, თეიმურაზ მაისურაძის თქმით, ამ ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ თუ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს ბრალდებულები ახლო მანძილით მისდევდნენ, ისინი მხოლოდ ახვლედიანსა და ამირხანაშვილს დაინახავდნენ.

„თუ მართლა ახლო მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი ადვილად დაინახავდა, ვინ სად დაიმალა და ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს. არ გაეკიდებოდნენ იმას, ვისაც ვერ ხედავდნენ. ადვილად მიაგნებდნენ როგორც ამირხანაშვილს, ისე ახვლედიანს. კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება კი ხილვადობის არქონის გამო, პრაქტიკულად, შეუძლებელია. არაგვის ხიდის ქვეშ არაფერი არ ჩანს. თუ შაქარაშვილი იქ ჩავიდოდა, ის აუცილებლად დაგორდებოდა, დაუზიანდებოდა პერანგი, ხელები, თავი, რასაც არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს. სულ მალე გვექნება სიურპრიზი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად”, - ამბობს თეიმურაზ მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, „ტოიოტა კამრის“ ხუთ მგზავრს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი წაუყენა 109-ე მუხლის „ე“ პუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობას.

გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახი.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG