Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია და ბიბილოვი მოსკოვში კრიზისების ფონზე


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, 7 სექტემბრიდან იმყოფებიან მოსკოვში, სადაც ისინი „სამუშაო შეხვედრებს“ მართავენ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ლიდერები რუსეთს სტუმრობენ აფხაზეთში პანდემიის კუთხით გაუარესებული ვითარებისა და ცხინვალში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც გამოიწვია მილიციის მიერ დაკავებული 28 წლის ინალ ჯაბიევის წამებით სიკვდილმა.

9 სექტემბერს ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მიიღო დმიტრი კოზაკმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, ასევე, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი, რომელიც „კურირებს სოხუმსა და ცხინვალთან მოსკოვის მრავალმხრივ ურთიერთობას“.

.„ჩვენ განწყობილი ვართ ყოველმხრივ დავუჭიროთ მხარი ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროში, ამასთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში“, - განაცხადა მიხაილ ბაბიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ჩანს, ბოლო დროს მოსკოვისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - განსაკუთრებით, აფხაზეთის - თანამშრომლობა მოსკოვთან სათანადოდ „ურთიერთმომგებიანი“ ვერ არის.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, გარდა იმისა, რომ ძნელად უმკლავდება ეპიდემიას და შეზღუდვების გამო განიცდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, ვერც მოსკოვიდან იღებს სრულად დაპირებულ ფულად დახმარებას. არადა, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ბიუჯეტს საშუალოდ 50-70 %-ით ავსებს.

ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

„პანდემიის გამო აფხაზეთის ეკონომიკური ზარალი ძალიან დიდია. ვითარება მნიშვნელოვნად დაამძიმა ტურისტული სეზონის ფაქტობრივმა ჩავარდნამ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ტურიზმია, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 35 %-სა და 10 ათასამდე სამუშაო ადგილს ქმნის“, - განუცხადა ასლან ბჟანიამ რუსულ გმოცემა „იზვესტიას“ 11 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში.

ასლან ბჟანიას გუნდს მხოლოდ ეკონომიკური სახის პროლემებთან არ უწევს გამკლავება.

იზიდა ჭანია, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ სოხუმელი ბლოგერი, ლაპარაკობს დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი ხელისუფლების მრავალმხრივ ჩავარდნაზე, რაც, მისი თქმით, მკაფიოდ გამოჩნდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

„ოთხი თვის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი „სამი-ოთხიდან“ რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა. საბიუჯეტო ორგანიზაციები ვერ იღებენ ხელფასს, დაბლოკილია ელექტრონული ბარათები, რომლებზეც პენსიები ირიცხებოდა. ამას დაემატა „სახელმწიფო საზღვრის უკნონო გადაკვეთა“, ადამიანის გატაცება, კრიპტოფერმების რიცხვის გაზრდა. ნორმად იქცა შეფერხებები წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში, ისევე როგორც პენსიონერთა უზარმაზარი რიგები შემნახველ ბანკებში. რისთვის გვჭირდება ხელმძღვანელობა, თუკი ბიზნესმენები თვითონ აგროვებენ ფულს მედიცინისთვის? თუკი საზოგადოებას თვითონ გააქვს ქვეყანაში უკანონოდ შემოტანილი საგნები, თვითონ მოითხოვს შეზღუდვების შემოღებას კოვიდ-19-თან ეფექტიანი ბრძოლისთვის და მომხდარ დანაშაულზეც კი ხელისუფლებაზე ადრე რეაგირებს?“ - კითხულობს სოხუმელი ანალიტიკოსი.

ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

მასშტაბური პრობლემები აქვს ბჟანიას ცხინვალელ კოლეგასაც. 30 წლის ინალ ჯაბიევის წამებით მკვლელობით გამოწვეულმა მრავალდღიანმა საპროტესტო გამოსვლებმა ანატოლი ბიბილოვი აიძულა დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა გადაეყენებინა. აღშფოთებული მოქალაქეები ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვდნენ. ამასთან, ბიბილოვს ღიად დაუპირისპირდა ედუარდ კოკოითი - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი 2001-2011 წლებში.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ასლან ბჟანია მეოთხედ ესტუმრა მოსკოვს:

5 მაისს, ინაუგურაციიდან ორი კვირის თავზე, ბჟანია მოსკოვში ჩავიდა თავისი მთავრობის ფინანსთა მინისტრ ვლადიმირ დელბასა და ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანთან ერთად; 24 ივნისს ბჟანიამ მონაწილეობა მიიღო გამარჯვების აღლუმში, რომელიც პანდემიის გამო არ გაიმართა 9 მაისს; 30 ივლისს კი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა რუსეთთან ჩაკეტილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG