Accessibility links

„ჯართის შემგროვებელმა“ შაქარაშვილის საქმიდან, ადვოკატის აყვანა გადაწყვიტა


მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც 15 სექტემბერს, 39 წლის ლევან ყარყარაშვილის, ე.წ. ჯართის შემგროვებლის საქმის არსებითი განხილვა უნდა გამართულიყო, 20 ოქტომბრისთვის გადაიდო. სასამართლოს სხდომის მსვლელობისას, მოულოდნელად გაირკვა, რომ ლევან ყარყარაშვილის ინტერესებს არა თავად ბრალდებული, არამედ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი დაიცავდა.

არადა, 16 ივლისს დაკავებული ყარყარაშვილი, ამ დრომდე, საკუთარ ინტერესებს თავად იცავდა, ამბობდა, რომ ის სრულად აღიარებდა ბრალს, არ სჭირდებოდა ადვოკატი, გამოძიებას „ყველაფერში ეთანხმებოდა“, „და დასამტკიცებელი არაფერი ჰქონდა“.

ლევან ყარყარაშვილს, იმ ტერიტორიის გადაწვა ედება ბრალად, სადაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა. უფრო კონკრეტულად კი საქმე ლევან ყარყარაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ლევან ყარყარაშვილს, მცხეთის მაგისტრალზე, ე.წ. ფერად შენობასთან, დაზიანებული რკინის ბოძის ქურდობის მცდელობა ედება ბრალად. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.

საქმის მასალების თანახმად, 138 ლარისა და 9 თეთრის ღირებულების, შპს. "ელიტ ჯორჯიას" კუთვნილი, დაზიანებული ბოძის დასანაწევრებლად, ლევან ყარყარაშვილმა ე.წ. ბალგარკა გამოიყენა, რამაც წარმოქმნა ნაპერწკლები. ნაპერწკლების შედეგად კი ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გამხმარ ბალახს ცეცხლი წაეკიდა. მოსამართლე მაია ოშხარელმა 15 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, საქმის მასალების ფრაგმენტი ამოიკითხა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ტერიტორიას ცეცხლი გაუჩნდა, ლევან ყარყარაშვილი მიიმალა და ხანძრის შესახებ არც სახანძრო-სამაშველო სამსახური ჩააყენა საქმის კურსში.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის პროცესში ჩართვის შესახებ, მოსამართლე მაია ოშხარელმა და ბრალდების მხარემ, სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეიტყვეს. როგორც აღმოჩნდა, გელა ნიკოლაიშვილმა განცხადება სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის სტატუსის ჩართვის თაობაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში, 14 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიტანა, ამის შესახებ კი არც მოსამართლე და არც ბრალდება ინფორმირებული არ იყო. სხდომაზე გამოცხადებული მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გელა ნიკოლაიშვილი სასამართლო დარბაზში ონლაინ ჩართო.

გელა ნიკოლაიშვილმა სხდომის გადადება მოითხოვა, რაკიღა მისი თქმით, ის საქმის მასალებს არ იცნობს და მათ შესასწავლად დრო სჭირდება.

მოგვიანებით, გელა ნიკოლაიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცესში ის ლევან ყარყარაშვილის დედის თხოვნით ჩაერთო:

„მე ლევანს წლების წინ ვიცნობდი. არც ვიცოდი, რომ დაკავებული იყო. მისი დედა დამიკავშირდა და მთხოვა, ადვოკატი ვყოფილიყავი. სულ ორი დღეა, რაც ამ საქმეში ჩავერთე. მართალია, ბრალდებულს შევხვდი, მაგრამ საქმის მასალები ჯერ არ წამიკითხავს, ამიტომ ვითხოვე სხდომის გადადება“.

ლევან ყარყარაშვილი წარდგენილ ბრალდებას სრულად ეთანხმება. შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, მან პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო და სხდომის მსვლელობისას, არაერთხელ დაუდასტურა მოსამართლეს, რომ ის დანაშაულს აღიარებდა და სრულიად იზიარებდა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას. ორი კვირის წინ გამართულ წინასასამართლო სხდომაზე არაერთხელ ახსენა მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილიც. ეს სურვილი მან 15 სექტემბერს გამართულ სხდომაზეც გამოთქვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ამ ეტაპზე, პროკურატურას ლევან ყარყარაშვილისთვის არ შეუთავაზებია საპროცესო შეთანხმება. ამ მოთხოვნით, ოფიციალური განცხადება არ შესულა მათთან არც ბრალდებულისგან. დაწერს თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართვას გელა ნიკოლაიშვილი, რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე მას პასუხი ჯერ არ აქვს.

ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ე.წ. ფერად შენობის მიმდებარე ტერიტორიის გადაწვა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან შესაძლო კავშირში იყო, არაერთხელ გამოითქვა ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ადვოკატების მიერ. ამ ტერიტორიის დაწვის თაობაზე კითხვები აქვთ გამომძიებელ ჟურნალისტებსაც. ისინი ეჭვობენ, რომ ტერიტორია არა შემთხვევით, არამედ განზრახ, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით არის გადამწვარი.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დათვალიერების ოქმის თანახმად, ტერიტორიის შესწავლა, სადაც საქმის მთავარი მოწმეები აფარებდნენ თავს, ანუ, ფერადი შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგის შესწავლა, გამოძიებამ ინციდენტის ღამიდან 10 დღის თავზე, 29 ივნისს გადაწყვიტა. ნიადაგის ნიმუშების აღებიდან ხუთ დღეში კი, აღნიშნულ ტერიტორიას ცეცხლი წაეკიდა.

დათვალიერების ოქმში ვკითხულობთ, რომ გამომძიებლებმა ნიადაგის ნიმუშები აიღეს იმ ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის შავი წელის ჩანთა იპოვეს. ასევე იმ ტერიტორიიდან, სადაც იმალებოდა გურამ ამირხანაშვილი. ნიადაგის ნიმუშია აღებული იმ ბუჩქების მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი იმალებოდა და ასევე, მოწმე გიორგი ქათამაძის სამალავი ტერიტორიიდან.

გამოძიება ე.წ. ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიის დაწვის ფაქტზე, 7 ივლისს დაიწყო. თუმცა, ხანძარი იქ 4 ივლისს, დილის საათებში გაჩნდა.

პროკურორი ნათია კიკალია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ლევან ყარყარაშვილის საქმესა და გიორგი შაქარაშვილის საქმეს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს:

„აღნიშნული კავშირის შესახებ ვარაუდი გამოკვლეულია. გამოძიება დასრულებულია და ამ ორ საქმეს შორის კავშირი არ დგინდება“.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის ირწმუნება, რომ დაზიანებული ბოძის დახერხვა და ჯართში ჩაბარება მან შვილისთვის დაბადების დღის საჩუქრის თანხის შესაგროვებლად გადაწყვიტა:

„8 ივლისს ჩემი შვილის დაბადების დღეა. მთხოვა, საჩუქარი მიყიდეო. ვიცოდი, რომ მცხეთის გზაზე ეგდო ჟანგიანი მილი, ვნახე და გამოვითვალე, რომ ამ ბოძის ჯართად ჩაბარების შემთხვევაში, ზუსტად იმდენს გადამიხდიდნენ, რამდენიც შვილის საჩუქრის საყიდლად მეყოფოდა. სახინკლეში წავალთ-მეთქი ერთად. აი, მხოლოდ და მხოლოდ, ეს მიზეზი მქონდა, რისთვისაც იქ მივედი. ეს არის და ეს“.

ლევან ყარყარაშვილი წარსულში ნასამართლევია. სასჯელი მან 126-ე პრიმა და 143-ე მუხლებით მოიხადა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრზე ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. საპატიმროში მან ოთხი წელი გაატარა. ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი.

15 სექტემბერს გამართულ სხდომას ესწრებოდა ლევან ყარყარაშვილის დედაც. თუმცა, ის ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG