Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაქარაშვილ-ბერძენიშვილ-კაჭარავას სარჩელები ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა სამი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი კაჭარავა 2019 წელს 18 ნოემბერს თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაკავებისას, თავიანთი დარღვეული უფლებების გამო დავობენ.

როგორც იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი მიმართულებით იდავებენ.

"სამი მიმართულებით ვდაობთ - სამართიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევა და მესამე არის ის, რომ არ მოხდა ამ და სხვა ბევრი ადამიანის საჩივრების სააპელაციო სასამართლოში განხილვა და მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეებს მათი განაჩენების სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის საშუალება არ მიეცათ“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრება ადგილობრივ საკანონმდებლო დონეზე, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში ხდება, მსგავს საქმეებზე უზენაესი სასამართლო არ მსჯელობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის განუხილავობით, საქართველოში ამ საქმეზე დავის შესაძლებლობა ამოიწურა. რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეტანათ საჩივარი.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები, აგრეთვე, პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს. პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით, საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

2019 წლის 18 ნოემბერს აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის - მუხლით დააკავა 37 პირი.

37 ბრალდებულიდან 12-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა 2019 წლის 20 ნოემბერს გვიან ღამით. 10 აქტივისტს - მათ შორის, გიგა მაქარაშვილს, ზუკა ბერძენიშვილსა და ბექა ბასილაიას - პატიმრობა შეეფარდათ, ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, კიდევ ერთს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 25 პირის სასამართლო გადაიდო. მათ მიმართ სასამართლომ სხვადასხვა დროს იმსჯელა და გირაო გამოიყენა. მაგალითად, "გირჩის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს სასამართლომ 2-ათასლარიანი გირაო 2020 წლის 17 იანვარს შეუფარდა.

გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ირაკლი კაჭარავას - 4-დღიანი, ზუკა ბერძენიშვილის კი 7-დღიანი.

ასევე ნახეთ: 7-დღიანი პატიმრობა ზუკა ბერძენიშვილს - მოსამართლემ გადაწყვეტილებები გამოაცხადა

გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG