Accessibility links

მდინარაძე: მარნეულში ენმ-ის მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე ბრიფინგზე ილაპარაკა მარნეულში მომხდარი ინციდენტის შესახებ. მდინარაძემ მედიას ინციდენტის მისეული ვერსია გააცნო. „არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკო-ს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, „ქართული ოცნების“ შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ", - აღნიშნა მდინარაძემ და დაამატა, - „ამის შემდეგ, ცესკო-ს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" (ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს), რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკო-ს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება".

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საოლქო კომისიაში ლაშა ქველაძე ამბობდა, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერი საოლქო კომისიაში აქციის წევრების მისამართით იგინებოდა, რასაც მისი მხრიდან შენიშვნა მოჰყვა, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებდა 22-ე საარჩევნო ოლქის საუბნო კომისიებში თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების დანიშვნას.

თემაზე რამდენიმე საათის წინ განცხადება გამოაქვეყნა ცესკო-მ. მასში ვკითხულობთ, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს სცემეს, რომელიც იქ მყოფებს სთხოვდა განემარტათ, რატომ იღებდნენ მას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკურად იძალადეს. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის შესახებაც მიუთითებს.

ცესკო აღნიშნავს, რომ ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო.

როგორც რადიო თავისუფლებას შს სამინისტროდან აცნობეს, მარნეულში მომხდარი დღევანდელი „ძალადობის“ ფაქტზე საქმე სს კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG