Accessibility links

მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა. „ფეისბუკის“ პოსტის მიხედვით, ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიხეილ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი.

მიხეილ სააკაშვილისთვის ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის თხოვნით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სწორედ არაიკ არუთიუნიანმა მიმართა, რის შესახებაც იგი 30 სექტემბერს ასევე"ფეისბუკში" წერდა.

არუთიუნიანი ამის მიზეზად ასახელებდა იმას, რომ სააკაშვილი „იწონებს აზერბაიჯანის ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ.“

არუთიუნიანმა იგულისხმა მიხეილ სააკაშვილის მიერ ორშაბათს ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მან მხარდაჭერა გამოუხატა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას:

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია. ის ემყარება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მთიანი ყარაბაღი ყოველთვის იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია და ამას ვერაფერი შეცვლის. ცხადია, ყველას, ვინც რეგიონიდან განდევნეს, უფლება აქვს შინ დაბრუნდეს და იმათ, ვინც უკვე ცხოვრობს იქ, აქვთ მშვიდობიანი ცხოვრების უფლება და მათი უფლებები უნდა დაცულ იქნეს,“ განაცხადა 28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა: „ჩვენი ურთიერთობები ისეთი უნდა იყოს, როგორიც ბალტიის ქვეყნებს შორისაა. მხოლოდ გარეშე ძალები არიან დაინტერესებული ჩვენს დაყოფასა და ჩვენს მართვაში და ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ!“

საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღისთვის, რომელთა განახლებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთს აბრალებენ, 27 სექტემბერს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ორივე მხარეს დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG