Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ: სტუდენტმა არ ისურვა განმარტება და ვერ ახსნა ლექტორის შეურაცხყოფის მიზეზი


ონლაინლექციაზე ლექტორის შეურაცხყოფისათვის სტუდენტის გარიცხვის ფაქტზე დეტალების დასაზუსტებლად, რადიო თავისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კითხვებით მიმართა.

თსუ-ს ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლების კითხვებს წერილობით უპასუხა. მათი განცხადებით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა, რომელშიც პროფესორები და სტუდენტები შედიან, სტუდენტის გარიცხვის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. უნივერსიტეტის განცხადებით, საბჭოს წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ეთიკური დარღვევის ფაქტის ანალიზის შედეგად მიიღეს.

გადაწყვეტილების მიღებამდე, საბჭოს წევრები გაესაუბრნენ სტუდენტს, თუმცა, როგორც თსუ-ს ადმინისტრაცია ეუბნება რადიო თავისუფლებას, მან დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა და ვერ ახსნა, თუ რა გახდა კონკრეტულ ლექტორთან ლექციის ჩაშლისა და შეურაცხყოფის მიზეზი. თსუ-ს ადმინისტრაციის განმარტებით, ლექტორი, რომელსაც მან შეურაცხყოფა მიაყენა და ის სასწავლო კურსი, რომელსაც სტუდენტი ონლაინ ესწრებოდა, მის სასწავლო ცხრილში არ შედიოდა.

თსუ-ს ადმინისტრაცია რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ უნივერსიტეტმა როგორც აღნიშნულ ფაქტზე, ისე ონლაინლექციების ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისათვის შეურაცხყოფის მიყენების სხვა რამდენიმე ფაქტზე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გახმაურებული ფაქტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სტუდენტები ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ. მათივე განმარტებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. უნივერსიტეტი აქვე აზუსტებს, რომ პროფესორს, რომელსაც სტუდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა, სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცალკე სარჩელით არ მიუმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ, მათთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი შევიდა, თუმცა, ამ ეტაპზე, უწყება დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების თანახმად, სტუდენტს, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საბჭო უცხადებს საყვედურს, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, უწყდება სტუდენტის სტატუსი.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება,
  • ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის, აგრეთვე, მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების მიმართ.
  • შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით.

სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

ვიდეო, სადაც თსუ-ს სალექციო პროცესი იყო აღწერილი, ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეოში ისმოდა, რომ მინიმუმ ერთი სტუდენტი, ლექტორს დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ონლაინლექციის ფრაგმენტიდან ირკვევა, რომ ინციდენტი პირველი კურსის ლექციაზე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG