Accessibility links

site logo site logo

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის „საელჩო“ გაიხსნა


სირიაში გაიხსნა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "საელჩო" ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ცნობით „საელჩოს“ საზეიმო გახსნას ესწრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, „საგარეო საქმეთა“ მინისტრი, სირიის არაბთა რესპუბლიკის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა მინისტრი ვადილ ალ მუალემი, სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აიმან სულენი და სირიის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული რუსეთის ფედერაციის, ვენესუელის და კუბის ელჩები.

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ თანახმად საზეიმო ღონისძიებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის „ელჩმა“ სირიაში ბაგრატ ხუტაბამ აფხაზეთისა და სირიის თანამშრომლობის მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა:

„ჩვენი დიასპორა საუკუნეთა განმავლობაში მონაწილება სირიის არაბთა სახელმწიფოს განვითარებასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, მომავალშიც შევინარჩუნებთ და განვავითარებთ ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა ბაგრატ ხუტაბამ.

მისასალმებელ გამოსვლაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დაურ კოვემ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა სირიის არაბთა რესპუბლიკისთვის წარმოადგენს ხიდს, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს ხსნის“, - მან იმედი გამოთქვა, რომ თანმშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ სიბრტყეში არამედ სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება.

თავის მხრივ „საელჩოს“ გახსნა, დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებს მიულოცა სირიის არაბთა რესპუბლიკის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა მინისტრმაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, სირიაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა იმ უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს, რითიც კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

"დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG