Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლიდა თუ არა შაქარაშვილის საქმეს ბრალდებულების მონანიება?


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. 8 ოქტომბრიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ბიძინა სტურუა, საქმის არსებით განხილვას იწყებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან მოსამართლის წინაშე. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ხვალინდელ სხდომაზე, მხარეები შესავალი სიტყვის დასრულებას შეძლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მომდევნო სხდომებზე დაიწყება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი და მოწმეების გამოკითხვის პროცესი.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, ხუთ ბრალდებულს აქვს წარდგენილი - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს.

პროკურატურის ვერსის თანახმად, 19 ივნისის ღამეს, დაბადების დღის წვეულებიდან წამოსულ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს, მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდთან, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ „ტოიოტა კამრის“ ავტომობილით. ახალგაზრდების ნაწილმა გაქცევითა და დამალვით უშველა თავს. გიორგი შაქარაშვილი კი თავდამსხმელებმა ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქციეს, რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა, ციცაბო ბილიკზე, მდინარის მიმართულებით დაშვებულიყო. ბრალდება ამტკიცებს, რომ მდევრები გიორგის არაგვის პირას დაეწივნენ, სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი მაშველებმა ოთხი დღის თავზე, 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის მუხლით დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ და უკვე სამ თვეზე მეტია ცდილობენ, დაარწმუნონ პროკურატურა, სასამართლო და საზოგადოება, რომ დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ.

რა მოხდა იმ ღამეს?

ყველაფერი 18 ივნისის საღამოს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო. საქმის მასალების, მოწმეებისა თუ ბრალდებულების გამოკითხვის ოქმების თანახმად, წვეულებაზე ე.წ. ორი უბნის, ნახალოვკელებისა და საბურთალოელების დაპირისპირება, დიჯეის მიმართ გამოთქმული პრეტენზიის გამო დაიწყო, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. ამ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილი. ამას როგორც გამოკითხული მოწმეები და ბრალდებულები, ისე ვიდე-კამერების ჩანაწერებიც ადასტურებს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს გიორგი დაპირისპირებული მხარეების გაშველებას. ჩხუბისას, რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის, გიორგის მკვლელობაში ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა, დაზიანება მიიღო თავის არეში.

აგარაკზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ახალგაზრდები დაიშალნენ. იუბილარი და სტუმრების მცირე ნაწილი, დაბადების დღის აღსანიშნავად ლისის ტბაზე წავიდნენ. გიორგიმ და მასთან ერთად მყოფმა ხუთმა ახალგაზრდამ, ლისის ტბაზე წასვლა ტაქსით გადაწყვიტეს და მცხეთის მაგისტრალზე ფეხით გავიდნენ.

ბრალდების ვერსიის თანახმად, მცხეთიდან ჩამოსულმა ვახტანგ ჩიქოვანმა, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“, თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევიდან, უკან, მცხეთაში, ცხრა პირი, უბნელები, მათ შორის, მორაგბეები წაიყვანა. სწორედ ეს ორი მანქანა, ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ უკვე „კამრი“ წამოეწია გიორგისა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს მცხეთის მაგისტრალზე.

„მერსედესიდან“ გადმოსული პირები ორ ახალგაზრდას ფიზიკურად უსწორდებიან. ერთ-ერთი, დიჯეი, კონსტანტინე ღიბრაძე, გაქცევით შველის თავს. მეორეს, გიორგი ქათამაძეს, მდევრები, რკინის ხელკეტითა და წიხლებით სცემენ, შემდეგ სხდებიან მანქანაში და ტოვებენ ტერიტორიას. რამდენიმე წუთში, ახალგაზრდებთან მეორე მანქანა, „ტოიოტა კამრი“ ჩერდება. ფეხბურთელის კვალი სწორედ „კამრიდან“ გადმოსულ მდევრებთან ერთად უჩინარდება.

„კამრის“ მგზავრები, მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი, ირწმუნება, რომ მათ არ დაუნახავთ სად გაიქცა გიორგი შაქარაშვილი. ისინი საკუთარ ჩვენებებში ამბობენ, რომ მცხეთაში არა ანგარიშსწორების მიზნით, არამედ დარჩენილი მეგობრებისა და მანქანის წამოსაყვანად წავიდნენ. გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს კი მხოლოდ იმიტომ გაუჩერეს მანქანა, რომ სიბნელეში მათი მეგობრები ეგონათ.

„დარწმუნებულები ვართ, დადგება გამამართლებელი განაჩენი“


ვასილ მამულაშვილი, ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი, დარმუნებულია, რომ თუკი მოსამართლე სრულყოფილი მართლმსაჯულების პროცესს უზრუნველყოფს, ხუთივე ბრალდებულის მიმართ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, 12-ტომიან საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობასა თუ მკვლელობის მოტივს დაადასტურებს:

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სიტყვები. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარემ თავად დაადასტურა და მიუთითა, რომ რთულ სიტუაციაში არიან იმ მხრივ, რომ ინციდენტის ადგილიდან გამომდინარე, მათ ვერ ექნებათ მაგალითად, ვიდეო-კამერების ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. ბრალდება ავითარებს ლოგიკას, მსჯელობას, რომ ვინაიდან სწორედ ეს ადამიანები იყვნენ იმ კონკრეტულ ადგილასა და დროის მონაკვეთში, აბა სხვა ვინ იქნებოდაო. ეს აბსურდია, რადგან სასამართლო გამორიცხვის მეთოდით არ ადგენს განაჩენს. იმისათვის, რომ სასამართლომ განაჩენი გამოიტანოს, უნდა არსებობდეს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ამ საქმეში არ არსებობს. არათუ შეთანხმებული და დამაჯერებელი, ერთი სახის მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს რაიმე შემხებლობას ბრალდებულებსა და შაქარაშვილს შორის. შესაბამისად, ყოვლად გამორიცხულია, რომ სასამართლომ ამ კუთხით გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულები დამნაშავეებად ცნოს“.

დაცვის მხარეს, ერთგვარად ზურგს უმაგრებს ის ფაქტიც, რომ საქმეზე დანიშნულმა ათობით ექსპერტიზის პასუხმა, არ აჩვენა ბრალდებულებისა და გიორგი შაქარაშვილის ურთიერთშემხებლობა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის პასუხები საქმის იმ მასალებში დევს, რომლებიც მედიისთვის ხელმიუწვდომელია, რადგან მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მკვლელობის მუხლი ცალკე საქმედ გამოყო, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის პასუხების ნაწილი, მედიისთვის მაინც გახდა ცნობილი. პასუხების თანახმად, მაგალითად, საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებაზე, გიორგის წელის ჩანთაზე, არ აღმოჩნდა, ბრალდებულების გენეტიკური პროფილი. მათი გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა არც გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე. ექსპერტებმა ვერ მიაკვლიეს ფეხბურთელის დნმ კვალს ვერც დაკავებულების ტანსაცმელზე. ვასილ მამულაშვილის თქმით, ნიადაგზე დანიშნულმა ექსპერტიზამ არ აჩვენა ბრალდებულების კვალი ინციდენტის ტერიტორიაზე.

ექსპერტიზის შედეგებზე, რამდენიმე ხნის წინ კომენტარი გააკეთა რადიო თავისუფლებასთან საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმაც. მისი თქმით, ექსპერტიზის ეს დასკვნები, არ ნიშნავს, იმას, რომ ბრალდებულები უდანაშაულონი არიან და მათ მართლაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ გიორგი შაქარაშვილთან. მისი თქმით, ის, რომ გარდაცვლილისა და ბრალდებულების ტანსაცმელზე ერთმანეთის სამოსის მიკრონაწილაკები და ასევე ბიოლოგიური პროფილი არ აღმოჩნდა, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ გვამი ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალქვეშ და დიდი ალბათობით, წყალმა წაშალა ყველანაირი კვალი და მეორე, პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულებმა გამოძიებას გარეცხილი ტანსაცმელი გადასცეს:

„ეს ადამიანები, მომხდარი ფაქტის შემდეგ წავიდნენ სახლებში, მათ ფრჩხილებიც კი ძირში წაიჭრეს, რომ ანაწმენდები ვერ აგვეღო და რომელი დნმ-ს დატოვებაზე იყო საუბარი, ვინ დაიტოვებდა სხეულზე რაიმე კვალს“.

ბრალდების მხარისგან განსხვავებით, პროკურატურა ირწმუნება იმასაც, რომ საქმეში, ბრალდებულების წინააღმდეგ არაერთი ისეთი მტკიცებულება დევს, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებს.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა მყარი მტკიცებულებები დევს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ახალ მასალებში ბრალდებული პირების წინააღმდეგ, პროკურორი ამირან გულუაშვილის პასუხობს, რომ ამგვარი მტკიცებულებები არაერთია:

„ეს არის ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც დროით კომპონენტებთან დაკავშირებით იძლევა კონკრეტულ ინფორმაციას. ეს არის პირთა ჩვენებები, რომლებიც არიან დაზარალებულები იმ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდებოდა გიორგი შაქარაშვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების მიმართ. ეს არის, საგამოძიებო ექსპერიმენტები, რომელთა გაქარწყლებასაც შეეცადა დაცვის მხარე დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტით, თუმცა, მათი ექსპერიმენტი სრულად არის აცდენილი რეალობას. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება დაზიანებებთან მიმართებით, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ხევში ჩასვლა დაზიანებების გარეშე, და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მტკიცებულებითი თვალსაზრისით, ეს არის დაზიანებები, მათი მიყენება, განვითარება და გარდაცვალება“.

„მონანიების შემთხვევაში, მშობლების პოზიცია ალბათ სხვაგვარი იქნებოდა“


გიორგი შაქარაშვილის მშობლები, მათი შვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ საქმე სწორი გეზით მიდის და სწორედ ის ადამიანები სხედან განსასჯელის სკამზე, რომლებმაც მათი შვილი მოკლეს.

19 წლის ფეხბურთელის მშობლების პოზიციაზე, რადიო თავისუფლებას გიორგის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ელაპარაკება. მისი თქმით, ოჯახის მოლოდინია, რომ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს და დამნაშავეები დაისჯებიან:

„იმ ფონზე, როდესაც არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან, როდესაც უშუალოდ, შემთხვევის ადგილას, მდინარე არაგვის ნაპირზე, არანაირი კამერა არ იყო, რომელიც უტყუარად ასახავდა მომხდარ ფაქტს, მაინც საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ დანაშაული სწორედ ამ პირებმა ჩაიდინეს. ყველა ინატრებდა უტყუარ, კამერაზე დაფიქსირებულ მტკიცებულებას, მაგრამ რა ვქნათ, ყველგან ხომ ვერ იქნება კამერა. რა მტკიცებულებებიც დევს საქმეში, საკმარისია იმისათვის, რომ დადგეს განაჩენი“.

მირიან ნიკოლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. საქმე ეხება წერილებს, რომლებსაც ბრალდებულები საპატიმროდან აგზავნიან, სადაც ისინი საკუთარი უდანაშაულობის შესახებ წერენ და ამბობენ, რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებენ. მირიან ნიკოლაძე ამ წერილებზე გიორგის მშობლების რეაქციის შესახებ ყვება:

„მშობლები ამბობენ, ამ წერილებს ჯობდა, ერთი მონანიების სიტყვა, ბოდიში ეთქვათ. ამ წერილების წერას, აჯობებდა ერთი ადამიანური ჟესტი გამოეხატათ, რასაც შესაძლოა, ბევრი რამ შეეცვალაო. მშობლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მონანიების შემთხვევაში, ალბათ მათი პოზიცია სხვაგვარი იქნებოდა. ეს არ არის ოჯახი, რომელიც მიუხედავად შვილის სიკვდილისა, ანგარიშსწორების სურვილით ცხოვრობს. ამის კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, როდესაც გამოძიებამ დააკავა 19 წლის გოგო, გიორგის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, პროკურატურა გიორგის ოჯახს დაუკავშირდა და მოსაზრება ჰკითხა. გიორგის დედამ თქვა, გიორგი არასდროს მაპატიებდა, რომ მისი ასაკის გოგოზე, რაც არ უნდა ჩაედინა მას, მეთქვა, ციხეში გაუშვითო“.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, სულ 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG