Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ხვალ თბილისში ჩამოდის


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ხვალ საქართველოში ბრუნდება. "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, იგი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. „თბილისო, ჩამოვდივარ შენს სანახავად, ხვალ 17:50-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნები", - წერს მუხთარლი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სახის დაბრკოლება არ შეექმნება.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG