Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლი: ჩემი გატაცება იყო სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული და ეს იცოდნენ


აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბრძოლას განაგრძობს და გეგმავს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნდეს და საგამოძიებო ორგანოებს მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მისცეს. ის აზერბაიჯანის ციხიდან სამწლიანი პატიმრობის შემდგომ, მოულოდნელად, 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს და სპეცრეისით გერმანიაში გაამგზავრეს, სადაც დღეს მისი ცოლ-შვილი ცხოვრობს.

მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანმა მას ბრალად წაუყენააზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ვალუტის კონტრაბანდა. მუხთარლი თავს პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა და აცხადებდა, რომ მასზე ალიევის ხელისუფლებამ შური იძია მისი ჟურნალისტური გამოძიებების გამო. დღეს მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცების საქმეში ჩართული იყო როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლება.

რადიო თავისუფლება აფგან მუხთარლის გერმანიაში დაუკავშირდა.

აფგან მუხთარლი: ძალიან მიხარია, რომ თავისუფალი ვარ, სამი წელია ჩემი ოჯახი და შვილი არ მინახავს. მიჭირს სიტყვებით გადმოცემა, ახლა რას ვგრძნობ, ძალიან კარგი შეგრძნებაა, სასიამოვნო.

რადიო თავისუფლება: რა გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი? რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ?

აფგან მუხთარლი: ამის მიზეზი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა აზერბაიჯანის მთავრობაზე. გერმანიის მთავრობაც ძალიან ეცადა, გერმანიის საელჩო, ევროპელი დეპუტატები, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. იძულებულები გახდნენ ციხიდან გამოვეშვი. ეს რომ არა, აზერბაიჯანის ხელისუფლება მე არ გამათავისუფლებდა. არც ექვსი წლის შემდეგ და არც მერე. მე მეგონა, მთელი ცხოვრება ციხეში ვიჯდებოდი. არც კი მჯერა, რომ თავისუფალი ვარ: ჯერ მოგიტაცონ და სამ წელში გაგათავისუფლონ - ასეთი რამ არ ხდება.

რადიო თავისუფლება: როგორი იყო აზერბაიჯანის ციხეში გატარებული ეს სამი წელი, რა პირობებია იქ? როგორ გექცეოდნენ?

აფგან მუხთარლი: აზერბაიჯანის ციხე ძალიან მოძველებულია. ის საბჭოთა კავშირის დროს ააშენეს. წარმოიდგინეთ 170 პატიმარი ერთ ჭერქვეშ, ერთ დიდ ოთახში. არც წესიერი ტუალეტია, არც საშხაპე. მე როდესაც დამაპატიმრეს, ზონაში 1000 პატიმარი იყო. და ამ 1000 კაცს ერთი სტადიონი გვქონდა, სადაც გასეირნება შეგვეძლო. საშინელი საკვები იყო, ძალიან უხარისხო წყალი, მოკლედ, ძალიან ცუდი პირობები იყო.

რადიო თავისუფლება: რა იყო ციხეში ყოფნის დროს ყველაზე რთული თქვენთვის, რა გახსენდებათ ყველაზე მძიმედ?

აფგან მუხთარლი: ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ შემეძლო ჩემი მეუღლის და ქალიშვილის ნახვა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი მომენტი. სხვა მხრივ, მე ციხის არ შემშინებია. უარესიც მინახავს, ომშიც ვყოფილვარ, ხუთი წელი ჯარში ვმსახურობდი... მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი გამუდმებით, რომ ჩემი ოჯახის ნახვა არ შემეძლო. დღეს აზერბაიჯანში ათასობით ადამიანი ზის ციხეში. მათგან 150 პოლიტპატიმარია.

რადიო თავისუფლება: და რა იყო ის, რაც ძალას გაძლევდათ და გამხნევებდათ ციხეში ყოფნისას?

აფგან მუხთარლი: მე ჟურნალისტი ვარ და ვიცოდი, რომ ჩემი ჟურნალისტური გამოძიებისთვის დამაპატიმრეს. ამიტომ დაპატიმრება არ მაღელვებდა. მამხნევებდა ის, რომ ვიცოდი, მართალი ვიყავი.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ გაგიტაცეს? ჩვენ ეს უშუალოდ თქვენგან არ მოგვისმენია.

აფგან მუხთარლი: პირველ რიგში, ეს დაკავშირებული იყო სტატიებთან, რომლებსაც ვწერდი. ისინი ეხებოდა საქართველოში ალიევის ბიზნესინტერესებს. კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ თბილისში თავი მოიყარეს ჩვენმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა.

თბილისში ჩვენ ვმართავდით საპროტესტო აქციებს საელჩოსთან, მოვითხოვდით ჩვენი პოლიტპატიმრების დროზე ადრე გათავისუფელებას. ეს, ცხადია, აღელვებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სულ უნდოდა, რომ დავეპატიმრებინეთ, თავიდან მოვეშორებინეთ. ორი წელი ემზადებონენ ამისთვის. ჯერ დაშგინ აღარარლი დააპატიმრეს, პარტია „მუსავატის“ წევრი, გლდანის ციხეში იჯდა 6 თვე, მერე მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს... შემდეგ აქტივისტი მეჰმან გალანდარლი დაიჭირეს და აზერბაიჯანის ციხეში მოკლეს. მეც ამის მერე მომიტაცეს. აზერბაიჯანი ძალიან ღელავდა, რომ თბილისში იყო ალიევის მოწინააღმდეგე ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც რაღაცას აპირებდა.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ გაიხსენოთ რა მოხდა თქვენი გატაცების დღეს, 2017 წლის 29 მაისს?

აფგან მუხთარლი: თავს დამესხნენ სახლთან ახლოს, დაახლოებით, ას მეტრში. სამი ადამიანი იყო. მე მათ თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე დავინახე, რომ ისინი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ჩამსვეს მანქანაში, ხელები წებოვანი ლენტით შემიკრეს და საგარეჯოსკენ წამიყვანეს. თავზე ტომარა ჩამომაცვეს. მე მეგონა, ჩემი მოკვლა უნდოდათ და ვეუბნებოდი, თუ ამის გაკეთება გინდათ, დანით არ მომკლათ, პისტოლეტი მესროლეთ-მეთქი. მითხრეს, არ მოგკლავთო. დაახლოებით ორ საათში აზერბაიჯანის მხარეს გადასცეს ჩემი თავი, ლაგოდეხის საბაჟოს გავლით. იქიდან ბელაქანის რაიონი ესაზღვრება და იქ ნეიტრალურ ტერიტორაზე გადამცეს აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებს.

რადიო თავისუფლება: თქვენ თქვით, რომ თბილისიდან თქვენი მოტაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდა. რას გულისხმობდით ამაში?

აფგან მუხთარლი: დიახ, მე ეს მითხრა აზერბაიჯანის ხელისუფლების ერთმა მაღალჩინოსანმა, როცა ციხეში ვიჯექი. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. მან მითხრა, რომ ჩემს მოტაცებაში გადაიხადეს 3 მილიონი დოლარი და რომ ეს გააკეთა ქართულმა მხარემ. მე ამ დროს ჯერ კიდევ ციხეში ვიყავი, როცა ეს მითხრეს. მე ვფიქრობ, ჩემს მოტაცებაში ორივე მხარე მონაწილეობდა - ქართულიც და აზერბაიჯანულიც. ამ ოპერაციაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა სუს-ი, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო სამსახური, საბაჟო... და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ იცოდნენ გიორგი კვირიკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა. იმ ქუჩის მიმდებარედ, საიდანაც მე მომიტაცეს, მდებარეობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, იტალიის საელჩო. ასე მარტივად ასეთი ადგილიდან ადამიანის მოტაცება შეუძლებელია.

რადიო თავისუფლება: საქართველოში თქვენი გატაცების საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის, როგორია თქვენი გეგმა? აპირებთ მიჰყვეთ ამ საქმეს?

აფგან მუხთარლი: უკვე ველაპარაკე ჩემს ადვოკატს და გვინდა ისევ დავწეროთ განცხადება. მე მინდა საქართველოში ჩამოსვლა, მინდა გენერალურ პროკურატურას მივცე ჩვენება. ვაჩვენო ის ადგილი, სადაც თავს დამესხნენ, სადაც მომხსნეს ტომარა, ის გზა, ის ვიდეოკამერები, რომლებიც მე მიყურებდა. როგორც შემდეგ გავიგე, თქვეს, რომ იმ დღეს, თურმე, არც ერთი კამერა არ მუშაობდა, ეს წარმოუდგენელია. ესე იგი, ეს იყო სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული.

რადიო თავისუფლება: აპირებთ გააგრძელოთ ჟურნალისტური საქმიანობა? თუ კი, რა თემას მოკიდებთ ხელს?

აფგან მუხთარლი: დიახ, მე გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ჟურნალისტურ გამოძიებებს. დღეს არ შემიძლია აზერბაიჯანში ყოფნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქ ვერ დავრჩებოდი, არ უნდათ, რომ იქ ვიცხოვრო. მაგრამ სადაც ვიქნები, იქიდან გავაკეთებ ყველაფერს აზერბაიჯანისთვის. რაც შეეხება თემებს, გატაცებამდეც ვმუშაობდი გამოძიებებზე და დასასრულებელი მაქვს ისინი. თემას წინასწარ არ დავაანონსებ.

რადიო თავისუფლება: გადაწყვეტილი გაქვთ საიდან იმუშავებთ, სად იცხოვრებთ?

აფგან მუხთარლი: არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოგვცემს საქართველოში ცხოვრების უფლებას, თორემ ეს რომ შესაძლებელი იყოს, მე საქართველოში ვიცხოვრებდი. მაგრამ ამის იმედი არ მაქვს. აი, მაგალითად, მეიდან ტვ-ის ჟურნალისტს, ჯამალ ალის უარი უთხრეს და უკან, ბერლინში გაუშვეს. მაგრამ თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, თუ შევძლებდი მანდ მუშაობას, თბილისში ვიცხოვრებდი.

მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. მე ამას გავაკეთებ. ახლა კორონავირუსის გამო გზები დაკეტილია, ფრენა არ არის, მაგრამ როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, ერთი თვის მერე თუ ორი თვის მერე, მე ვიქნები თბილისში. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ჟურნალისტებს, ვინც მანდ მხარს მიჭერდა. პოლიტიკოსებს. ქართველ ხალხს, მე მიყვარს ეს ხალხი, მე მანდ სამი წელი ვიცხოვრე და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ციხეშიც კი მყავდა ერთი ქართველი მეგობარი, პაატა. მადლობელი ვარ ხალხის, ვინც ჩემს ოჯახს ედგა მხარში. მე ძალიან მიყვარს საქართველო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG