Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე: COVID-ით ორი-სამი ჯანმრთელი ადამიანიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც


რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, რომლებსაც არ ჰქონდათ თანმხლები, ქრონიკული დაავადებები? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს მას შემდეგ მიმართა, რაც მან რამდენიმე დღის წინ, მან განაცხადა, რომ საქართველოში სულ ორი-სამი პაციენტია, რომლებიც მხოლოდ COVID-ით გარდაიცვალნენ, ხოლო დანარჩენ გარდაცვლილებს, მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

თენგიზ ცერცვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მხოლოდ COVID-ით გამოწვეული გართულებებით, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების გარდაცვალების რიცხვი არ არის ბევრი. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ ციფრებს, ორი-სამი, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მან ეს ციფრები მხოლოდ სიტყვის მასალად ახსენა:

„არ დამითვლია ზუსტად, ორია, სამია თუ ათია. შეიძლება 12-იც არის. ამ შემთხვევაში, ორი-სამი ნიშნავდა იმას, რომ მცირე რიცხვია იმ გარდაცვლილებისა, რომლებიც ძირითადად იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები, არ ჰქონდათ რაიმე მძიმე თანმდევი დაავადება და მხოლოდ COVID-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალნენ. ორი-სამიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც, ეს უბრალოდ სიტყვის მასალად ვთქვი“.

თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის იმ გართულებებს ჩამოთვლის, რომლებითაც როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები კვდებიან:

„კოვიდი ძალიან მძიმე ინფექციაა და აზიანებს მთელ რიგ ორგანოებს. ასეთ შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი ყველაზე ხშირად არის თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი გულით ავადმყოფია და მიდრეკილება აქვს თრომბოზებისკენ, ასეთს მეტი რისკი აქვს. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც სრულიად ჯანმრთელ ადამიანს განუვითარდა თრომბოემბოლიური გართულება. ეს შემთხვევები, სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა და მთელ მსოფლიოშიც ძალიან ბევრია. მეორე გართულება ეს არის მძიმე პნევმონიის განვითარება. ე.წ. 24-ქულიანი პნევმონია, რაც ნიშნავს, რომ ფილტვის ქსოვილის 100% დაზიანებულია და ვითარდება მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, რა დროსაც შუპდება ფილტვები. ასეთ დროს, ყოველგვარი თანმხლები დაავადებების გარეშეც დიდი რისკია გარდაცვალებისა. და მესამე, ეს გახლავთ მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი და პოლიორგანული უკმარისობა. ესენი გახლავთ კოვიდისათვის დამახასიათებელი გართულებები, რომლებსაც პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების გარდაცვალება შეუძლია გამოიწვიოს“.

15 ოქტომბერს, ბათუმში, კოვიდ სასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ინფიცირებული იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ კოვიდ-სასტუმროში იქნა გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და პაციენტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლია გახდა.

15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 113 პაციენტია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG