Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი კოვიდით და თანმდევი დაავადებები - რატომ გვიყვებიან ექიმები ავადმყოფობის ისტორიას?


13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 102 პაციენტია გარდაცვლილი. მათგან ყველაზე ბევრი, 9 პაციენტი, სწორედ ბოლო 24 საათში გარდაიცვალა. როგორც წესი, ვრცელია ნუსხა იმ თანმხლები, ქრონიკული დაავადებებისა, რომლებსაც მკურნალი ექიმები თითოეული გარდაცვლილი პაციენტის შესახებ საუბრისას პირდაპირ ეთერში ჩამოთვლიან ხოლმე.

მაგალითად, ეს დაავადებებია: ჰიპერტენზიული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, ე.წ.ჭარბწონიანობა; სუნთქვის ორგანოების ავადმყოფობები, ისეთები, როგორიცაა, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები; თირკმლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

გარდაცვლილი კოვიდპაციენტების ანამნეზის გაცნობის შემდეგ, საზოგადოების ერთი ნაწილი, შეიძლება ითქვას, თავს იმშვიდებს, რადგან მათ ქრონიკული დაავადებები არ აქვთ და ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსს ადვილად დაამარცხებენ.

მეორე ნაწილი შფოთავს, რადგან არ არიან დარწმუნებულნი, რომ მათ ქრონიკული დაავადებები არ აქვთ.

მესამე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც წლებია, აწუხებთ, თუმცა მათ მართვას ახერხებენ, COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, გაურთულდეთ, რაც მათ ლეტალურ შედეგამდე მიიყვანს.

„არასწორად აგებული კომუნიკაცია“, - ასე აფასებს კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის შესახებ საუბარს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე და ამ კომუნიკაციაში რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ხედავს. პირველი, ეს არის პაციენტების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და მეორე - მცდარი გზავნილი საზოგადოებისადმი:

„ამ გზავნილით ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების წინაშე გმირის სტატუსით წარსდგეს. რომ მაქსიმალური გააკეთეს პაციენტების გადასარჩენად, თუმცა, მათ ისეთი დაავადებები და ასაკი ჰქონდათ, რომ ეს შედეგი მაინც დადგებოდა. ეს გზავნილი ძალიან არასწორ განცდებს აჩენს საზოგადოებაში, თუნდაც იმ მხრივ, რომ შესაძლოა, საზოგადოების ნაწილმა იფიქროს, ეს კორონა მართლაც არაფერი ყოფილა, მხოლოდ ხანდაზმულებს და მძიმე ავადმყოფებს ერჩის თურმე. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად, ეს ასე არ არის. იმ ადამიანების ნაწილი, ვინც საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდნენ თავიანთ ქრონიკულ დაავადებებთან ერთად. ერთი მხრივ, ამით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სტიგმატიზირება ხდება, მეორე მხრივ კი, ადუნებენ და არასწორ მოლოდინს აჩენენ ახალგაზრდებში. რომ ეს დაავადება მხოლოდ ხანდაზმულებს ერჩის. ეს არის ძალიან ცუდი და მავნე კომუნიკაციის შედეგი“.

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე საუბრისას მათ ქრონიკულ დაავადებებზე აპელირება, ხმაურის საბაბად იქცა კოსოვოში. კოსოვოს ჯანდაცვის სისტემისა და ხელისუფლების ეს პრაქტიკა გააკრიტიკეს გერმანიაში მომუშავე კოსოვოელმა ექიმებმა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ საუბრისას, აღარ კეთდება აქცენტი მათ დაავადებებზე და ქვეყნდება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია გარდაცვლილების რაოდენობაზე.

როგორია საქართველოში ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი?

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჰიპერტენზია საქართველოს მოსახლეობის 37,7%-ს აწუხებს;
  • გულის იშემიური დაავადება - მოსახლეობის 16,3%-ს;
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა 2018 წელს საქართველოში 86 709 ადამიანი შეადგინა;
  • სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით კი 2018 წელს 714 425 ადამიანი აღირიცხა;
  • თირკმლის უკმარისობა 5000-მდე ადამიანს გამოუვლინდა;
  • 2018 წელს კიბოს 9635 შემთხვევა აღირიცხა.

ის მოცემულობა, რომ COVID-19 სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს, დადასტურებულია ჯანდაცვის არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ პრაქტიკოსი ექიმების მიერ.

თუმცა, ექიმები იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქრონიკული დაავადების მქონე ყველა კოვიდპაციენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დგას, ან პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები სრულად არიან დაცულნი და ინფიცირების შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ დაემუქრება.

რეანიმატოლოგები კოვიდისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ


ანი ქავთარაძე, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, თვეებია ეცნობა ყველა იმ სიახლეს, რომელიც COVID-19-ის შესახებ ვრცელდება და კარგად იცის, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ვირუსმა სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, თუმცა, ამბობს, რომ ეს მოცემულობა, ცხადია, ვერანაირად ვერ იქნება ე.წ. გამართლება ლეტალური გამოსავლისა.

ანი ქავთარაძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ გარდაცვლილი პაციენტების ქრონიკულ დაავადებებზე საუბარი ღია ეთერში პროფესიული თვალსაზრისით არ არის მართებული:

„ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე გარდაცვლილი პაციენტების ანამნეზზე ვილაპარაკოთ და, თითქოს, ამით ხალხი ვამშვიდოთ, რომ აი, ქრონიკული დაავადება ჰქონდა მას და იმიტომ გარდაიცვალა. არა, ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები დავიცვათ ინფექციისგან და მაქსიმალურად დროული და მაღალკვალიფიციური დახმარება გავუწიოთ მათ. ქრონიკული დაავადების მქონე პირისთვის, ნებისმიერი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია შეიძლება გახდეს მათი დაავადების გამწვავების მაპროვოცირებელი. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი ემსხვერპლა კოვიდინფექციას. ამიტომ ასე ცალსახად და გადაჭრით იმის თქმა, რომ რაიმე სახის თანმდევი დაავადება არის იმის მანიშნებელი, რომ პაციენტი აუცილებლად გარდაიცვლება, არ შეიძლება, რადგან, საბედნიეროდ, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, რომ სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე ადამიანები გამოჯანმრთელდნენ და დღეს თავს კარგად გრძნობენ“.

ანი ქავთარაძის თქმით, კოვიდპანდემიამ ნათლად გამოავლინა ის პრობლემაც, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ახერხებს საკუთარი ჯანმრთელობის ყოველწლიურ მონიტორინგს, რაც ზრდის ქრონიკული დაავადებების გართულების რისკს:

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა არ არის სათანადოდ განვითარებული და თუკი ადამიანს ხელი მიუწვდება ამ სერვისზე, შემდგომ უკვე თავს იჩენს დიაგნოსტირების და მართვის ხარვეზი. გარდა ამისა, საზოგადოების ინფორმირებულობა, მათ შორის, ხელმისაწვდომ სერვისებზე, ძალიან დაბალია. მაგალითად, შესაძლოა, რაიმე სახის სკრინინგ-კვლევა იყოს უფასო, მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ არ ჰქონდეთ ინფორმაცია. ამავდროულად, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არ არის გამომუშავებული კულტურა, რომ პერიოდულად ვიაროთ ექიმთან, ჩავიტაროთ სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო გამოკვლევა, იმისათვის, რომ დაავადებები ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ“.

უკვე თვეებია, მძიმე და კრიტიკულ კოვიდპაციენტებთან მუშაობს გულიკო ქილიფთარი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისი დაკვირვებითა და გამოცდილებით, განსაკუთრებულ რისკჯგუფს წარმოადგენენ დიალიზზე მყოფი პაციენტები. ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატებში გადაიყვანეს, კლინიკაში კვლავ რჩება არაერთი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა ისევ მძიმეა.

გულიკო ქილიფთარი თავად ადევნებს თვალს იმ გართულებებს, რომლებიც ქრონიკული დაავადებების მქონე რიგ პაციენტებს COVID-19-ით ინფიცირებისას უვლინდებათ:

„ამ ვირუსის გართულების მექანიზმი დევს სწორედ სისხლძარღვებში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესის მონიტორინგი. ასეთი პაციენტების დამძიმების მომენტი, დასაწყის ეტაპზევე უნდა იყოს გამოვლენილი და დაფიქსირებული, რათა ის კიდევ უფრო არ გართულდეს. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში, ძირითადად ვითარდება ხოლმე სუნთქვის უკმარისობა, თრომბოემბოლიები, რასაც, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგამდე მივყავართ“.

ექიმი იმასაც აღნიშნავს, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ყოველთვის კოვიდინფიცირებას არ უკავშირდება. დღესდღეობით, გულიკო ქილიფთართან მკურნალობს პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კორონავირუსით ინფიცირებამდეც მძიმე იყო.

81 წლის პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სიმსივნის დიაგნოზით 13 სექტემბრიდან მკურნალობდა, თუმცა, ორი დღის წინ, მორიგი კვლევისას, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს:

„ცალკე გამოკვლევის საკითხია, როგორ დაინფიცირდა ეს პაციენტი კლინიკაში. თუმცა, ამ ეტაპზე, მე შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა ერთ-ერთ კლინიკაში, გაუკეთდა სიმსივნის ოპერაცია, გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, აქვს გულისა და თირკმლის უკმარისობა. ორი დღის წინ მორიგმა PCR-კვლევამ აჩვენა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. პაციენტი გუშინ გადმოიყვანეს ჩვენთან. მისი უმძიმესი მდგომარეობა გამოწვეულია არა კორონავირუსით, არამედ სიმსივნით. მე ამ პაციენტის ჯანმრთელობისთვის უნდა ვიბრძოლო არა კორონას გამო, არამედ მისი ძირითადი დაავადებების გამო“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კოვიდით გარდაცვლილმა პაციენტებმა და ქრონიკულმა დაავადებებმა წარმოქმნა, ეს არის გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ახლობლები არა ქრონიკული დაავადებების, არამედ ვირუსის არასწორად მართვის გამო გარდაიცვალნენ.

ერთ-ერთ ასეთ ფაქტზე რადიო თავისუფლება რამდენიმე ხნის წინაც წერდა. 65 წლის კაცი, ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად ვირუსით გართულებული არაერთი ქრონიკული დაავადება დასახელდა. თუმცა, ექიმების ამ დასკვნას არ დაეთანხმა მისი ქალიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა, რომ მამამისი სრულიად ჯანმრთელი იყო და მისი დამძიმება ექიმების დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილ პაციენტთა მატებასთან ერთად, 13 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროში გადაწყდა, რომ შეიქმნას კლინიკების შემსწავლელი მობილური ჯგუფები, რომლებიც თბილისში, აჭარასა და იმერეთში გადანაწილდებიან, შეისწავლიან კლინიკებში არსებულ ვითარებას და გამოცდილებას გაუზიარებენ კოლეგებს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე, ხუთი ჯგუფი შეიქმნება. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება ერთი ინფექციონისტის, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგისა და სამინისტროს ერთი წარმომადგენლის მიერ. ამასთან, ორ ჯგუფში დაემატებიან პრაქტიკოსი ექიმები, რომელთაც კოვიდთან ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ.

რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გარდაცვლილთა შორის დომინირებს ასაკის ფაქტორი. მათ შორის, ჭარბობენ 70 წელს გადაცილებული პაციენტები, რომლებსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. თუმცა, გარდაცვლილთა 10%, 65 წლის ასაკზე ქვემოთ მოდის.

თენგიზ ცერცვაძის მტკიცებითვე, 102 გარდაცვლილი პაციენტიდან, სულ „2-3 შემთხვევა იყო, როდესაც პაციენტი მხოლოდ COVID-ით გარდაიცვალა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG