Accessibility links

პაციენტის სექსუალობა - ტაბუდადებული თემა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში


ფსიქიატრიულ კლინიკების პაციენტებს პირადი ცხოვრება არა აქვთ. ქალები და მამაკაცები სხვადასხვა განყოფილებაში ჰყავთ განთავსებული და ერთმანეთთან უერთიერთობის ნებას არ აძლევენ.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სიყვარული დამალულია. იქ პაციენტები ისევე იქცევიან, როგორც მოზარდები, რომლებსაც მშობლებმა ურთიერთობა აუკრძალეს: ჩუმად ცვლიან წერილებს, ცდილობენ ერთმანეთს შორიდან მოჰკრან თვალი ან ეზოში დრო იხელთონ და ერთმანეთს დაელაპარაკონ. ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს კანონმდებლობა არ ართმევს უფლებას ჰქონდეთ სქესობრივი და რომანტიკული ურთიერთობები, მათ შორის კლინიკაშიც.

მაგრამ რეალურად მსგავსი არაფერი ხდება. ექიმებს პაციენტების დაორსულების, დაავადებების გავრცელებისა და ნათესავების მხრიდან საყვედურების ეშინიათ. ამიტომ კლინიკებში დაუწერელი წესები მოქმედებს, ქალსა და მამაკაცს ერთმანეთს „არ აკარებენ“. სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს პაციენტების პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევაა.

ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი ქალი 5 წლის განმავლობაში იყო შეყვარებული მამაკაც პაციენტზე, რომელსაც მხოლოდ ფანჯრიდან ხედავდა. ამ ისტორიას რადიო თავისუფლებას უყვება ოლღა კალინა, ფსიქიატრიის სერვისმომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელის თავმჯდომარე.

ოლღა კალინა
ოლღა კალინა

„იმის უფლებაც არა აქვთ, ერთმანეთს დისტანციურად, ყვირილით ელაპარაკონ ეზოში. არადა, ზოგი 20 და მეტი წელი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდეც იქ იყოს. ამ ხნის განმავლობაში მათ არა აქვთ სექსუალური ცხოვრების შესაძლებლობა“, - ამბობს ოლღა კალინა. ოლგა ხშირად უწევს კლინიკების მონიტორინგი. ის ჰყვება, რომ ფსიქიატრიულებში არა თუ პირადი ცხოვრება, ქვედა საცვალიც კი არ აქვთ საკუთარი. გარეცხვის მერე თეთრეული საერთო ხდება და ამ პირობებში მართლაც ადვილია სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ადვილად გავრცელდეს. გარდა ამისა, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის უფასო სკრინინგპროგრამები, რომლებიც პროსტატის კიბოსა და ძუძუს კიბოს გამოსავლენად ტარდება.

მახსოვს ორი ახალგაზრდა პაციენტი, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ და ერთმანეთს წერილებს უგზავნიდნენ, გაწერას ელოდებოდნენ, რომ მერე ერთად ყოფილიყვნენ. შემდეგ რა ბედი ეწიათ, არ ვიცი. ხშირად შემიმჩნევია, რომ პაციენტებს უყვარდებათ ერთმანეთი, გაწერისას ერთმანეთს ტელეფონის ნომრებს უტოვებენ, მაგრამ, როგორც წესი, ნათესავები არ მიესალმებიან ასეთ ურთიერთობას. მარტო შეყვარება ხომ არ არის, როგორ უნდა იცხოვრონ? სად? ოჯახს ხშირად ერთის შენახვა უჭირს, არათუ ორის“, - ამბობს ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი. ის ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც უკვე გამოჯანმრთელებულმა მამაკაცმა ისევ მოაკითხა შეყვარებულს, რომელიც ოჯახის წევრებს სახლში არ მიჰყავდათ.

მე წავიყვან, ჩემთან იქნებაო, მაგრამ ამ კაცის არაფერი ვიცოდით, არც ის, სახლი ჰქონდა თუ არა, ან შემოსავალი, ან შემდეგ რა მოუვიდოდა, ამიტომ ის გოგო ისევ საავადმყოფოში დარჩა“.

გამოფენა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით
გამოფენა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით

გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ეკა ჭყონია ამბობს, რომ ქალ და კაც პაციენტებს შორის ურთიერთობა არც აკრძალულია და არც წახალისებული. საავადმყოფოებში კაცები და ქალები სხვადასხვა განყოფილებებში თავსდებიან. მიზეზი ოთახების, ექთნებისა და მეთვალყურეების სიმცირეა. ერთმანეთს ისინი მხოლოდ ეზოში სეირნობისას ხვდებიან, თუმცა არის შემთხვევები, როცა ასეთ პირობებშიც ახერხებენ ურთიერთობას, რაც ბოლოს პაციენტის დაორსულებით სრულდება.

„რომ იყოს პალატები, სადაც კარი იხურება და პაციენტს საკუთარი აბაზანა-ტუალეტი ქვს, მაშინ ეს საკითხიც ადვილად მოგვარდებოდა. მაგრამ ჩვენ 60 კაცზე ორი საპირფარეშო და რამდენიმე საშხაპე გვაქვს. საავადმყოფოში საერთო სივრცეები უნდა არსებობდეს - მით უფრო, თუ ეს ისეთი დაწესებულებაა, სადაც პაციენტები დიდ დროს ატარებენ, ოჯახური გარემო უნდა იყოს. ასე ქაოტურად არ უნდა ხდებოდეს, როგორც ახლაა, ეზოში სადღაცას რომ შეცუცქდებიან და რაღაცას ახერხებენ“, - ამბობს ეკა ჭყონია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პაციენტებს ჰქონდეთ ინფორმაცია როგორც კონტრაცეფციის, ასევე შესაძლო ძალადობისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ. მაგრამ, როგორც წესი, პაციენტებთან ამაზე საუბარი ექიმებს ეუხერხულებათ და, შესაბამისად, მსგავსი თემები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ტაბუდადებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG