Accessibility links

site logo site logo

კობახიძის შეფასებით, კონკრეტული მედიების ქმედებები დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს


ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლების აყვანის თემაზე მედიის მუშაობა და პოლიტიკოსების კომენტარები შეაფასა. მან ზოგი მედიის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნებიც დაინახა, გარდა ამისა, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ უწოდა: „გლავკანალი“ და „პერვი კანალი“.

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას. სამწუხარო და გამაოგნებელია, რომ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა სცადეს, რომ ასეთი ვითარებაც პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მაროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან დიდი ხანია მიჩვეულები ვართ.

საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან.

ამ მოლაპარაკების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.

ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიეცეთ თავიანთი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.

უამრავი განცხადება გაკეთდა, არ შევალ მე დეტალებში, საზოგადოებამ დაინახა, რაში გამოიხატებოდა ამ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. დღეს ეს არ არის მთავარი, მთავარია მძევლების სწრაფი გათავისუფლება“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

შეკითხვაზე, დღეს მთავარი პრობლემა არის, მედია რას აშუქებს? კობახიძე პასუხობს: „მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არის გასათავისუფლებელი და, ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევა კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები“.

ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით გამოყო პრემიერ-მინისტისთვის დასმული შეკითხვები. „როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი - „გლავკანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი, მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“, - მიიჩნევს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

სპეცოპერაცია მისი დაწყების მომენტიდან ამ დრომდე რამდენიმე მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ერთ-ერთი მძევალი „მთავარი არხსა" და „ტვ პირველს“ ჩაერთო და, როგორც თავად განმარტა, გაახმოვანა შეიარაღებული მამაკაცის მოთხოვნები.

მძევლის პირდაპირ ეთერში გაშვებას განმარტავს „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. „როცა მძევალი გიკავშირდება და გეუბნება, რომ ტერორისტის მოთხოვნით გამოდის კავშირზე, როგორ უნდა უთხრა უარი ეთერში გაყვანაზე, როცა თავზე ადგას ტერორისტი, მის მოთხოვნას ასრულებს და შეიძლება ტვინი გაასხმევინონ, თუ ვერ შეასრულა? ანუ უარი კავშირზე მისი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს?“, - წერს გვარამია „ფეისბუკზე".

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვს. მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ სხვა შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა 19-დან ერთ-ერთ მძევალს „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გააჟღერებინა. გამტაცებლის მოთხოვნაა, მას 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

მძევლად აყვანილი 19 პირიდან 3 ბანკის თანამშრომელია. ისინი შენობის მესამე სართულზე არიან. როგორც რადიო თავისუფლებამ შეძლო გარკვევა, პირი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას სახელით დარეკა „მთავარ არხზე", ბანკის თანამშრომელი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG