Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამტაცებელს მძევლებთან ერთად გაჰყვა სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა


ავთანდილ გალდავა
ავთანდილ გალდავა

გამტაცებელს, რომელსაც „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, სავარაუდოდ, მოთხოვნილი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. სწორედ, გალდავა გაჰყვა ორ მძევალთან ერთად გამტაცებელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ამ საკითხზე არ ლაპარაკობენ.

რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. „უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ“, - აღნიშნავს კვარაცხელია.

შსს-ს ვებგვერდზე მოცემულია ავთანდილ გალდავას ბიოგრაფიული მონაცემები.

გალდავამ 2002 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტი დაამთავრა.

გალდავა 2017 წლის აგვისტოდან 2020 წლამდე იყო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2016/01–2017/08 წწ. - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი;

2013/12–2016/01 წწ. - ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი;

2013/03–2013/12 წწ. - ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე;

2012/12–2013/03 წწ. - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსის მოადგილე;

2011/09–2012/12 წწ. - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს პირველი სამსახურის გამომძიებელი;

2009/09–2011/09 წწ. - ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი;

2008/11–2009/09 წწ. - ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG