Accessibility links

ყოფილი სამხედრო: იმ სისტემის იარაღი, რომელიც თავდამსხმელს ეჭირა, სარეზერვო დანაყოფებშია


რადიო თავისუფლება ელაპარაკა ყოფილ სამხედროს, რომელიც დეტალურად აღწერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი პირის მონაცემებს, შესაძლებლობასა და მომზადების დონეს. მისი თქმით, თავდამსხმელს, დიდი ალბათობით, სპეცდანიშნულების დანაყოფის მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი, ხოლო იმ სისტემის იარაღი, რომელიც მას ხელში ეჭირა, ამოღებული იყო 2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში ნაპოვნი ცნობილი კასრებიდან.

როგორც ყოფილი სამხედრო რადიო თავისუფლებას ეუბნება, თავდამსხმელს ეცვა მულტიგამის ტიპის ამერიკული ტაქტიკური სამხედრო ფორმა, რომელსაც ყოველდღიურ ოპერაციებში გამოიყენებენ სახმელეთო ჯარების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში ამ ტიპის ფორმა შეიძინა რუსეთმაც.

„ბათინკიცა და განტვირთვის ჟილეტიც, რომელიც მას ეცვა, ტაქტიკური აღჭურვილობის ნაწილია, რომელიც ჩვენს დანაყოფებში გამოიყენება. აშკარაა, რომ ფორმა კარგად აქვს ტანზე მორგებული. არც დიდი აქვს, არც პატარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ეს არ არის შემთხვევით, ბაზრობაზე ნაყიდი ფორმა, რომელსაც დილეტანტი მოირგებს. ფორმასთან ერთად, მას ეკეთა ტაქტიკური ხელთათმანი. საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს შესაძლოა მოერგო ტყავის ხელთათმანი. თუმცა, ტაქტიკური ხელთათმანის დანიშნულება და ფასი იცის მხოლოდ პროფესიონალმა სამხედრომ. ასევე ნიღაბი, ისიც სამხედრო აღჭურვილობისაა და არ არის შემთხვევითი ქუდი, რომელსაც ჭრილებს გაუკეთებ და თვითნებურად ჩამოიფხატებ თავზე. რაც შეეხება განტვირთვის ჟილეტს, რომელიც მას ეცვა, დიდი ალბათობით, მასში განთავსებული ჰქონდა რამდენიმე მჭიდი. განტვირთვის ჟილეტში შეგიძლია მოათავსო 8 მჭიდი. გარდა ამისა, ჟილეტში იდება სხვა საბრძოლო მასალებიც, 15-20 კოლოფის რაოდენობით. თუმცა, ამის დაზუსტება რთულია, რადგან ამ ჟილეტის ჯიბეები იხურება და შორიდან ცოტა რთულია ამის გარკვევა“.

ყოფილი სამხედრო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავდამსხმელს ხელში ეჭირა AK 47 მოდელის ავტომატი, რომელმაც მოდერნიზაცია განიცადა. ანუ, ის შეიარაღებული იყო AKM-ის სისტემის იარაღით, რომელსაც დღეს საქართველოს შეიარაღება აღარ იყენებს.

„ეს იარაღი ჩვენს ხმარებაში იყო 2006-07 წლებამდე, სანამ 556 კალიბრის ამერიკული M4-ის ბუშმასტერი შემოვიდოდა შეიარაღებაზე. დღეს AK 47 ხმარებაში აღარ არის და იარაღი გადატანილია სარეზერვო დანაყოფებში. ამ იარაღს მაღაზიაში ვერ იყიდი. შესაძლოა, ამ ადამიანს იარაღი შემორჩენილი ჰქონდეს აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან, 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებიდან, რადგან ამ საბრძოლო მოქმედებებისას უამრავი იარაღია დაკარგული და გაფანტული. არ არის გამორიცხული, რომ ეს იარაღი ე.წ. საბრძოლო ტროფეიც კი იყოს. ასეთი სისტემის იარაღი, რომელიც მას ხელში ეჭირა, ძირითადად ამოღებული იყო 2013 წელს, სამეგრელოში ნაპოვნი ცნობილი კასრების სამალავიდან“.

რაც შეეხება იარაღის ჭერის მანერას, სამხედროს თქმით, ეს მანერა დამახასიათებელია ძირითადად სპეცდანიშნულების დანაყოფების წარმომადგენლებისთვის:

„ავტომატურ იარაღს დამჭერი ქამრის საკიდი ორ ადგილას აქვს განთავსებული - ერთი წინ, გაზის მილაკთან და მეორე კონდახთან. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები წინა სამაგრიდან ხსნიან ქამარს და უკან საკიდზე გადმოაქვთ. ანუ, ერთ წერტილში ამაგრებენ ქამარს და მხარიღლივ იკიდებენ, რათა იარაღი წინ ჰქონდეთ ჩამოკიდებული, ლულით ქვევით და იარაღზე მუდმივი კონტროლი ჰქონდეთ. ასე უფრო სწრაფად და მობილურად ხმარობ იარაღს. გარდა ამისა, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ეს ადამიანი საკმაოდ კარგად და ოსტატურად ხმარობს ფეხს. აშკარაა, რომ ნავარჯიშებია, რომელიც დღესაც აქტიურად არის სპორტით დაკავებული, ვარჯიშობს“.

შეძლებდა თუ არა თავდამსხმელი საათების განმავლობაში მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარის კონტროლს, ყოფილი სამხედრო რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რა ტიპის ხელყუმბარა ეჭირა მას. არსებობს თავდაცვის საშუალების ხელყუმბარა და შეტევითი ოპერაციის ხელყუმბარა. ორივე ტიპის ხელყუმბარას აქვს ერთი ტიპის ამფეთქებელი და მოქმედების პრინციპი. მას აქვს სპეციალური დამცავი ჭილიბი, რომელიც ერთი ხელით უნდა გაასწორო, მეორე ხელით გამოაძრო და ამის შემდეგ მოგყავს ხელყუმბარა მოქმედებაში. ყუმბარა 4 წამში ფეთქდება. თითქოს ითქვა, რომ მას ხელყუმბარა ხელზე ჰქონდა მიბმულიო. ეს გამორიცხულია. არ ჩანდა ეს იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ე.წ. სკოჩით მიიბამდა ხელზე ყუმბარას. ეს შეიძლება დილეტანტმა გააკეთოს. გარდა ამისა, ძალიან მარტივია, რომ ყუმბარას კვლავ დაუმაგრო ჭილიბი და დაჯდე მშვიდად. შესაძლოა, მას ეს ყუმბარა არც კი ჰქონდა გახსნილი, მაგრამ შენობაში არ აღმოჩნდა იმ დონის პროფესიონალი, რომ გაერჩია, ეს ხელყუმბარა მოქმედებაში იყო მოყვანილი თუ უმოქმედო იყო. შორიდან, თუნდაც სნაიპერებისთვის, საკმაოდ ძნელია შეამჩნიო, დამცავი უკეთია ხელყუმბარას თუ არა“.

რადიო თავისუფლების რესპონდენტის თქმით, თავდამსხმელის მოქმედების სცენარი მეტყველებს იმაზე, რომ მას ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა გათვლილი. სავარაუდოდ, რამდენჯერმე ექნებოდა დათვალიერებული და შესწავლილი თავად შენობა-ნაგებობა. სამხედრო ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ მას არასდროს ჰქონია შეხება კრიმინალთან და ის არ იყო უბრალო მძარცველი.

რამდენად სწორად დაიგეგმა მძევლების გათავისუფლებისა და თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია, ამ კითხვაზე ყოფილი სამხედრო გვპასუხობს:

„რთული სათქმელია. მას მხოლოდ ისეთივე და იგივე პროგრამით მომზადებული სპეცრაზმელი თუ დაუპირისპირდებოდა, როგორიც თვითონ იყო და ისიც მხოლოდ ახლო მანძილიდან. ანუ, სამხარეო პოლიციის უფროსის ნაცვლად, მასთან ასეთივე მომზადებული სპეცრაზმელი რომ შეეგზავნათ ე.წ. მომლაპარაკებლად. თუმცა, ესეც დამოკიდებულია ფიზიკურ მონაცემებზე და სათუო იქნებოდა ამ რისკის გაწევა. აქ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო უკვე მძევლების გათავისუფლების შემდგომ დაგეგმილ ოპერაციაზე, სავარაუდო მიმართულებები უნდა შერჩეულიყო, იქ მოწყობილიყო ჩასაფრებები და იქ მომხდარიყო მისი დაკავება ან ლიკვიდაცია“.

ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ თუკი სამართალდამცავებმა თავდამსხმელს მართლაც გადასცეს მის მიერ მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი, ამ შემთხვევაში, ჩანთის წონა იქნებოდა დაახლოებით 20 კილო. სხვა აღჭურვილობასთან ერთად, თავდამსხმელი, რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლის დონის მომზადება ჰქონდა გავლილი, თავისუფლად მოახერხებდა ამ ტვირთით მინიმუმ 10 კილომეტრის ფეხით დაფარვას.

„მას შესწავლილი ექნებოდა მთელი მიმდებარე ტერიტორია. ამ ტიპის ღონისძიების დაგეგმვას ის მარტოც შეძლებდა, თუმცა, სავარაუდოდ, მას თანამზრახველი ეყოლებოდა, რომელიც იმ პერიმეტრიდან გაიყვანდა“.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG