Accessibility links

ყოფილი მძევლის ლაშა შენგელიას თქმით, გამტაცებელმა კონკრეტულად არ იცოდა სად წასულიყო


„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილი ლაშა შენგელია, რომელიც იმ ოთხ პირს შორის იყო, ვინც გამტაცებელმა ავტომანქანით წაიყვანა, მისი ქცევის შესახებ „რუსთავი 2“-თან ჰყვება.

„მე სადაც გეტყვით იქ წადითო, თუ არადა გავხსნი ხელყუმბარასო, ხელში ეჭირა და იცვლიდა, ასე ხელიდან ხელში გადაჰქონდა. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენო, წავედით, მერე იქით გადავუხვიეთ, მერე - აქეთ. უკან აკვირდებოდა, ვინმე მოსდევდა თუ არა უკან მას, მაგრამ ბატონი ავთო [გალდავა] ჰპირდებოდა, ყველანაირად ეცადა, დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ. ბოლოს ჩავიდა ეს კაცი, დაიბარა, რომ მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები, ერთი გამოიხედავთ ან რამე და გესვრითო“, - ამბობს ლაშა შენგელია.

ყოფილი მძევალი იხსენებს, თავად გამოხატა სურვილი, მძევალს გაჰყოლოდა.

„ბატონმა ავთომ ძალიან განმუხტა სიტუაცია. გვითხრა მაგან მაგან [გამტაცებელმა], ვინ მოდიხართ ჩვენთანო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი და ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა იყვნენ ქალები. შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა, მე გვერდით მომიჯდა, ერთი მძევალი გვერდით მეჯდა (ბულია) და იმის გვერდით იჯდა ბატონო ავთო“, - აღნიშნავს შენგელია.

გამტაცებელი ცდილობდა კვალი არ დაეტოვებინა. „სიგარეტის მოწევის ნებასაც გვრთავდა, კარებთან დავგდებოდით, იქ ვეწეოდით და რომ ვკითხე სიგარეტს არ ეწევი-თქო?- კიო, მაგრამ ახლა მე აქ არ შემიძლიაო. ანუ ყველანაირად იცავდა იმ ზომებს, რომ რაიმე კვალი არ დაეტოვებინა“, - თქვა ლაშა შენგელიამ.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 22 ოქტომბერს დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა თანხა ავთანდილ გალდავასგან მიიღო და დააზუსტა ისიც, რომ მძარცველის მიერ მოთხოვნილი თანხა ბანკმა გადაიხადა.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან ავტომანქანით წასვლის შემდეგ, ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას შეეცდებოდა. ამის შესაძლებლობა უარყვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. თუმცა "სოვასთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზადაა დაკავების შემთხვევაში ბანკზე თავდამსხმელი ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG