Accessibility links

თემურ ხვიბლიანი: დავით ხვიბლიანი ბანკში ხელფასის ასაღებად მივიდა, სიცრუეა, თითქოს ის ყალბი მძევალია


თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, თემურ ხვიბლიანმა „გადაუმოწმებელი და ცრუ უწოდა“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მის ნათესავს, ასევე სამხედროს, დავით ხვიბლიანს, „საქართველოს ბანკში“ მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ ერთ-ერთ პირს, თავდამსხმელთან ჰქონდა კავშირი.

თემურ ხვიბლიანი დავით ხვიბლიანზე ამბობს, რომ 21 ოქტომბერს, თავდასხმის დღეს, ის ბანკში შემთხვევით აღმოჩნდა და იქ ხელფასის ასაღებად იყო მისული.

„მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე, ადგა, ჩავიდა ბანკში, რაღაც დროის შემდეგ შემოვარდა ეს მძარცველი და ესეც მოჰყვა მძევლებს შორის. მაგ დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან“.

თემურ ხვიბლიანი ამბობს, რომ შსს-ს ის არ გამოუკითხავს, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. თემურ ხვიბლიანის განცხადებით, ბანკზე თავდასხმის დღეს ის სახლში, თბილისში იმყოფებოდა. მისი სიტყვებით, ის დავით ხვიბლიანს მხოლოდ დაკითხვის შემდეგ, ტელეფონით ესაუბრა. ამის შემდეგ დავით ხვიბლიანი სენაკის ბაზაზე დაბრუნდა.

დავით ხვიბლიანი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი პირიდან, ვინც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად ახლდა თავდამსხმელს მის მიმალვამდე, ასევე ცილისწამებას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ყალბი მძევალი და ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია.

ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის შემთხვევის განსაკუთრებით საინტერესო მოწმე მას შემდეგ გახდა, რაც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი კიდევ სხვა პირებთან ერთად თავდამსხმელის თანამზრახველი და ცრუ მძევალი იყო. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ინფორმაცია მას ამის თაობაზე უცნობმა წყარომ 21 ოქტომბერს მიაწოდა და ამავე დღეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ამცნო ამ ფაქტის შესახებ.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 22 ოქტომბერს დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა თანხა ავთანდილ გალდავასგან მიიღო და დააზუსტა ისიც, რომ მძარცველის მიერ მოთხოვნილი თანხა ბანკმა გადაიხადა.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან ავტომანქანით წასვლის შემდეგ, ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას შეეცდებოდა. ამის შესაძლებლობა უარყვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. თუმცა „სოვასთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზადაა, დაკავების შემთხვევაში ბანკზე თავდამსხმელი ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG