Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელთან მის დაკავშირებას ცილისწამებას უწოდებს


მედიასთან პირველ კომენტარში დავით ხვიბლიანი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი პირიდან, ვინც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად ახლდა თავდამსხმელს მის მიმალვამდე, ცილისწამებას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ყალბი მძევალი და ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია.

„ეს იყო სრული ცილისწამება, რასაც ავრცელებენ ჩემზე, ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს, არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, არც ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი“, - ამბობს დავით ხვიბლიანი.

მისი სიტყვებით, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, ყველა კითხვას პასუხს გასცემს გამოძიება.

„მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, - განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

22 ოქტომბერს მედიასთან საუბარში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ ხვიბლიანი, რომელიც მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა, ერთ-ერთი იყო თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი პირებიდან, თუმცა არ დააზუსტა, თავდამსხმელის თანამზრახველებთან დაკავშირებით გამოძიება რა ვერსიებზე მუშაობს.

მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა მათ მიერ მოპოვებული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერი, სადაც ხვიბლიანი ირწმუნება, რომ ეჭვი იმის შესახებ, თითქოს ის თავდამსხმელის თანამზრახველია, ადვილად ბათილდება ბანკის შენობაში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერებით, სადაც ჩანს, თუ როგორ ადებს თავდამსხმელი მას იარაღს თავზე.

ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის შემთხვევის განსაკუთრებით საინტერესო მოწმე მას შემდეგ გახდა, რაც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი კიდევ სხვა პირებთან ერთად თავდამსხმელის თანამზრახველი და ცრუ მძევალი იყო. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ინფორმაცია მას ამის თაობაზე უცნობმა წყარომ 21 ოქტომბერს მიაწოდა და ამავე დღეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ამცნო ამ ფაქტის შესახებ.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 22 ოქტომბერს დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა თანხა ავთანდილ გალდავასგან მიიღო და დააზუსტა ისიც, რომ მძარცველის მიერ მოთხოვნილი თანხა ბანკმა გადაიხადა.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან ავტომანქანით წასვლის შემდეგ, ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას შეეცდებოდა. ამის შესაძლებლობა უარყვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. თუმცა „სოვასთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზადაა, დაკავების შემთხვევაში ბანკზე თავდამსხმელი ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG