Accessibility links

COVID-შეზღუდვები - როგორ მივლენ არჩევნებზე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები?


თუკი საფრანგეთი კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებში გამონაკლისს არ დაუშვებს, შესაძლოა, იქ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

30 ოქტომბრის ღამის 12 საათიდან, საფრანგეთი მკაცრ COVID-შეზღუდვებს აწესებს. სხვა აკრძალვებთან ერთად, იზღუდება რეგიონებს შორის გადაადგილებაც. სწორედ ამ შეზღუდვის გამო, ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი და მისი ოჯახი, 31 ოქტომბერს, შესაძლოა, საარჩევნო ყუთთან ვერ მოხვდნენ.

ექიმი და მისი ოჯახი ცენტრალურ საფრანგეთში, ქალაქ კლერმონ-ფერანში, პარიზიდან 400 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ. 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთათვის კი საარჩევნო უბანი სწორედ პარიზში, ბრემონტის 8 ნომერშია გახსნილი. მას შემდეგ, რაც რევაზ ბოჭორიშვილი და მისი ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობენ, არცერთი არჩევნები არ გამოუტოვებიათ. თუმცა, შესაძლოა, ამჯერად, მათი საარჩევნო ტრადიცია შეიცვალოს.

ექიმი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 29 ოქტომბერს, დილიდან დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს საფრანგეთში. პირადად ესაუბრა კონსულს, გოჩა ჯავახიშვილს. კონსულის თქმით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საელჩოს დაპირდა, რომ გამონაკლისს დაუშვებენ და ქართული პასპორტის მფლობელ პირებს არ დააჯარიმებენ:

„საფრანგეთში ძალიან მოიმატა ინფიცირებულების რიცხვმა. მე საავადმყოფოში ვმუშაობ და ყოველ დღე ვხედავ და მესმის, რომ სიტუაცია იძაბება, იცვლება გრაფიკი, ვამცირებთ გეგმიურ ოპერაციებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პერსონალი, საწოლების რაოდენობა და რეანიმაციული განყოფილებები გადატვირთული არ იყოს. საფრანგეთში უეცრად გადაწყდა შეზღუდვების გამკაცრება. მაკრონმა წუხელ გამოაცხადა, რომ ხვალიდან, ქვეყნის მასშტაბით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მაგალითად, სამსახურების დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ მუშაობაზე. მხოლოდ გამონაკლისი პროფესიები და ისიც სპეციალური საშვით გადაადგილდებიან სამსახურამდე და უკან, სახლში. ჰაერზე, სავარჯიშოდ, საჭირო პროდუქტების საყიდლად გასვლა მხოლოდ ერთი საათით, თუმცა, საცხოვრებელი სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში და აუცილებლად უნდა იქონიო შესაბამისი საშვი. სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ უნივერსიტეტები. ბარები, რესტორნები, თეატრები, კინოდარბაზები სრულად იხურება. აიკრძალა რეგიონებს შორის მიმოსვლა. სწორედ ეს არის ახლა ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი პრობლემა. საქართველოს საელჩოს ვეკონტაქტები დილიდან, როგორც ითქვა, წესით, შსს-მ ქართული პასპორტის მქონე პირები არ უნდა დააჯარიმოს“.

მიმდინარეობს თუ არა ოფიციალური მოლაპარაკებები საფრანგეთთან, რომ იქ დარეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ შეეზღუდოთ? ხომ არ აქვთ მსგავსი პრობლემა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

როგორც სამინისტროს პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, საფრანგეთში რეგულაციების დეკრეტი 28 ოქტომბერს გამოიცა. შესაბამისად, ფრანგულ მხარესთან დეტალების გარკვევა ამ დრომდე გრძელდება და როგორც კი დამატებითი საკითხები გაირკვევა, ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა. რაც შეეხება მდგომარეობას სხვა ქვეყნებში, ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არის.

მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა იტალიის დედაქალაქ რომსა და სხვა დიდ ქალაქებში, 21 ოქტომბრიდან, იტალიის ზოგიერთ რეგიონში კოვიდ-შეზღუდვები გამკაცრდა. მათ შორის, დაწესდა ე.წ. კომენდანტის საათი და გამკაცრდა რეგიონებს შორის გადაადგილებაც. მოქალაქეებს ეკრძალებათ საკუთარი პროვინციის დატოვება გარდა სამსახურის, სამედიცინო მიზნებისა თუ სხვა გადაუდებელი აუცილებლობისათვის.

ნონა გედენიძე ქალაქ რეჯიო-ემილიაში ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეებისათვის იტალიაში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი, რომსა და ბარში. საარჩევნო ყუთამდე მისასვლელად ნონამ მატარებლით 5 საათი უნდა იმგზავროს. საშვში კი, რომელიც რეგიონებს შორის გადასაადგილებლად სჭირდება, არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს, რატომ ტოვებს რეგიონს, სადაც ცხოვრობს და რისთვის გადადის სხვა რეგიონში. გარდა შემოღებული შეზღუდვებისა, ნონა ფიქრობს, რომ იტალიაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციის გამო, დიდი ალბათობით, ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მისი ქალაქი და საარჩევნო უბანი 500-მდე კილომეტრით არის დაშორებული, ასეთ მანძილზე მგზავრობა კი ფიქრობს, რომ ინფიცირების რისკებს ზრდის.

ქალაქ რომში აძლევს ხმას ნონა მაჭარაშვილი, ,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი. ორგანიზაცია არჩევნების პროცესს უცხოეთის 28 უბანზე აკვირდება. ნონა მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იტალიაში დაწესებული შეზღუდვებისა, იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილს უკვე აღებული აქვთ ბილეთები, რათა სხვადასხვა ქალაქებიდან რომსა და ბარში ჩავიდნენ და მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში:

„შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესზეც მოქმედებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, რასაც ახლა ვაკვირდები, ჩანს, რომ იტალიაში, საარჩევნო ყუთებთან, აქტიურობა უნდა იყოს, ვნახოთ. პირადად მე ფლორენციიდან უნდა ჩავიდე რომში ხმის მისაცემად“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ ჯამში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო სიაში კი დარეგისტრირებულია 14170 ამომრჩეველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG