Accessibility links

კახი კალაძის თქმით, "ქართული ოცნება" მზადაა, დიალოგი გამართოს ოპოზიციასთან


კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა და მმართველ პარტიას უარი მასზე არასოდეს უთქვამს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძე მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის დიალოგის გამართვის საკითხზე:

„მივესალმები ამ მოწოდებას. გუშინაც იქნა განცხადებები გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით, საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, რა თქმა უნდა, დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, დაიწყონ მოლაპარაკება კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG