Accessibility links

site logo site logo

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მიკროსაფინანსო კომპანია MBC-ში მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. განჩინება სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

პროკურორის თქმით, არსებობდა დანაშაულის განმეორების საფრთხე და სწორედ ამის გამო მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

"მხოლოდ 2-წუთიანი ინფორმაციის გავრცელება სურდა. ასეთი ადამიანი მოათავსეს საპატიმროში და ელოდება 9-დან 14 წლამდე პატიმრობა", - თქვა დაკავებულის ადვოკატმა.

20 ნოემბერს თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში პირი შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით მან აიყვანა 19 პირი მძევლად.

თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვდა და არა კონკრეტული თანხის გადაცემას.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ თქვა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და პოლიციის სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა. შეიარაღებული თავდამსხმელი კი დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა. ამ მუხლით 2-ზე მეტი პირის მძევლად აყვანა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG