Accessibility links

site logo site logo

ხანუქა - პირველი სანთლიდან მერვემდე


დაიწყო ხანუქის დღესასწაული, რომელიც, ტრადიციულად, 8 დღეს გაგრძელდება. ეპიდემიის გამო წელს ქართველი ებრაელები ხანუქას მხოლოდ სახლებში აღნიშნავენ. ხანუქასა და ებრაულ ტრადიციებზე რადიო თავისუფლება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ეთნოლოგ ზაირა დავარაშვილს, ესაუბრა.

ზაირა დავარაშვილი საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებისას, 2017წ.
ზაირა დავარაშვილი საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებისას, 2017წ.

- ზოგადად ვიცით, რომ ხანუქა იერუსალიმის ტაძრის გათავისუფლებასა და ხელახლა კურთხევას უკავშირდება. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულზე?

- ჩვენ ასე ვამბობთ, ხანუქის ბრწყინვალე დღესასწაული. როდესაც ხანუქაზე სანთელს ვანთებთ, ზოგი თბილისში, ზოგი ნიუ იორკში, მთელ მსოფლიოში... ცალკე ერთი სანთელი თითქოს არაფერია, მაგრამ ერთად უკვე დიდ ალს ქმნის. ეს სანთელი თითქოს გვეუბნება, რომ ცალ-ცალკე არა, მაგრამ ერთობა უკვე ძალაა.

ძვ.წ. აღ. მეორე საუკუნეში, როდესაც ებრაელები ბერძნების წინააღმდეგ აჯანყდნენ და იერუსალიმის ტაძარი დაიბრუნეს, ტაძარი წაბილწული დახვდათ, ყველაფერი გატანილი იყო და კერპები იდგა. ებრაელებს სურდათ დაენთოთ ოქროს მენორა [სასანთლე], მაგრამ ამისთვის სპეციალური წესით დამზადებული ზეთი იყო საჭირო. ტაძარში მხოლოდ პატარა ქილა ზეთი მოიძებნა, რომელიც ერთი დღისთვისაც კი არ იყო სამყოფი. მაინც ჩაასხეს სასანთლეში და დაანთეს. ახალი ზეთის გამოხდას რვა დღე მოუნდა და სასწაული ის იყო, რომ ეს ერთი დღის სამყოფი ზეთი ზუსტად რვა დღე იწვოდა.

- კიდევ რა რიტუალი უკავშირდება ხანუქას?

- ამ დღეს ზეთს განსაკუთრებული პატივი მიეგება. ზეთის სუნი აუცილებლად უნდა დადგეს სახლში. ზეთში მოხარშულ კრემიან ფუნთუშებს ვაკეთებთ ხოლმე, კარტოფილს ზეთში, ანუ ზეთიან რამეს. დანარჩენი, ვისაც რა უნდა, იმას მიირთმევს. პირველ დღეს მოსამსახურე და პირველი სანთლები ინთება, მეორე დღეს - ორი და ასე, რვამდე.

- ეს სახლში და სინაგოგაში?

- სინაგოგაში გუშინ საღამოს უნდა ჩატარებულიყო პირველი სანთლის დანთების რიტუალი, მაგრამ პანდემიის გამო არ ჩატარდა. სხვა დროს ქვეყნის მთავარი პირი, პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მოდის და პირველ სანთელს ის ანთებს.

- ანუ შესაძლებელია, რომ არაებრაელმა აანთოს სანთელი?

- კი, რა თქმა უნდა. პირიქით, უკეთესიც არის.

- სახლში ვინ ანთებს?

- სახლში ოჯახის უფროსი. თუ ის არ არის, სხვასაც შეუძლია დაანთოს. არის სამი ლოცვა, რომელიც ამ დროს იკითხება. თუ იციან, ხანუქის ჰიმნსაც ასრულებენ. სანთელი, დაახლოებით, ნახევარი საათი ანთია, ძალიან ლამაზია და საერთოდ ყველას ძალიან უხარია ეს დღესაწაული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანთებს ხანუქის სანთელს, 2013წ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანთებს ხანუქის სანთელს, 2013წ.

- ხანუქა ებრაელების მთავარი დღესასწაულია?

- არა, მთავარი არის ფესახი, რომელიც ებრაელების ეგვიპტის მონობიდან გამოსვლას იხსენებს - თავისუფლების დღესასწაული.

- ისრაელში მთელი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი იმისთვის, რომ მორწმუნემ შაბათი დაიცვას. საქართველოში როგორ ახერხებთ ამას?

- ვინც მოინდომებს, დაიცავს. მე ვერ გამომდის. თუ დავიცავ, შაბათს ტელეფონით არ უნდა ვილაპარაკო და როგორ ვიმუშაო? 39 სახეობის საქმე იკრძალება შაბათს: არ უნდა იმგზავრო, შუქი არ უნდა აანთო, ფული არ უნდა გადაიხადო... მაგრამ რაც შემიძლია, იმას მაინც ვიცავ. მაგალითად, სარეცხს არ გავრეცხავ შაბათს, სადილს არ მოვამზადებ...

- სადღესასწაულო სუფრაზე იყო საუბარი და, რამდენადაც ვიცი, ებრაული კერძები ძალიან მჭიდრო კავშირშია რელიგიასთან, სახელწოდებებიც კი რელიგიურ მოტივს ატარებს.

- ქართველი ებრაელების კერძები ქართულია. დღესაც კი ისრაელში ქართველი ებრაელები, პირველ რიგში, საცივს და ჩახოხბილს აკეთებენ. განსაკუთრებულს უფრო ნამცხვრებს აცხობენ, ისიც თავიანთ მოგონილს, გალამაზებულს. ხომ იცით, ჩვენ, ქართველებსაც და ებრაელებსაც, ყველაფრის გალამაზება გვიყვარს.

- მათი გადმოსახედიდან როგორი ჩანს საქართველო? მე მქონდა შეხება ქართველ ებრაელებთან. ქართულ ტელეარხებს უყურებენ და შეწუხებულები იყვნენ, რას დაამსგავსეთ ქართული ენაო.

- არ ივიწყებენ საქართველოს. ერთხელ შევესწარი, ერთი ძალიან ცნობილი ებრაელი ექიმი იყო ჩამოსული. ღამის თერთმეტ საათზე სკოლასთან მივიდა. კარის შეღება უნდოდა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. ჯერ ხელით მოეფერა და მერე სულ დაკოცნა ეს კარი. თავისი ბავშვობის სკოლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG