Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიაბერაშვილი: ყოველი სოფლის დონეზე უკვე აღრიცხული უნდა იყოს, პირველ რიგში ვინ აიცრება


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ექსპერტი, ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვაქცინაციის გეგმის გასაჯაროვებას ითხოვს და ამბობს, რომ ყოველი სოფლის დონეზე ახლა უკვე აღრიცხული უნდა იყოს, პირველი ვინ აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„მოდის ვთქვათ, 100 000 დოზა, ვინ არის ის 100 000 ადამიანი, ვინც იცრება. ამის დალაგება ძალიან მარტივია“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ვაქცინა ვთქვათ, შემოვიდა 1 თებერვალს, დღევანდლიდან პირველ თებერვლამდე ამის აღრიცხვა ძალიან მარტივად არის დალაგებადი პრიორიტეტების მიხედვით სოფლის დონეზე. გვაქვს 100 000 ვაქცინა? პირველ რიგში ვინ იცრება. თუ 50 000 გვაქვს, ვინ არის ის, ვინც პირველ რიგში იცრება. თუ 200 000 გვაქვს, ვინ არის ის ვინც პირველ რიგში იცრება. ანუ ეს თუ არის გამჭვირვალე და საჯარო, მით უმეტეს თუ შეიძლება რომ ინტერნეტპლატფორმა იყოს და ყველაფერი იყოს აღრიცხული, ეს ნაკლებ პრობლემებს დაბადებს თვითონ ამ ვაქცინაციის, აცრის პროცესში და ანტივაქსერულ მოძრაობასაც ნაკლები შეთქმულების თეორიების შექმნისა და გავრცელების საშუალება ექნება“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობის მიმართულებით გასატარებელ ცალკეული ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა. ეს ღონისძიებები მისი თქმით, უნდა იყოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, ზუსტი აღრიცხვიანობა და ლოჯისტიკის სათანადოდ აწყობა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინაზე მიუწვდება ხელი საქართველოს, დამოკიდებულია კოვაქსის პლატფორმის არჩევანზე.

საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი - 4 მილიონი აშშ დოლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG