Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთელი ქალები მწვრთნელს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ


თბილისის ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი ფეხბურთელები, კლუბის მთავარ მწვრთნელსა და ამასთანავე, კლუბის მფლობელს, სასამართლოში უჩივიან. ექვსი ფეხბურთელი (ორი არასრულწლოვანი) ყოფილ მწვრთნელს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაში, მათ შორის, სქესისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელების საქმის პირველი, მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

მოსარჩელე მხარე სასამართლოში ითხოვს დისკრიმინაციის, მათ შორის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის იძულების გამო განაცდურსა და დისკრიმინაციის ფაქტის ნიადაგზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

ფეხბურთელები, რომელთა შორისაც ორი არასრულწლოვანია, ამბობენ, რომ ყოფილი მწვრთნელი მათ სექსუალური შინაარსის შემცველი ტექსტებით მიმართავდა, აიძულებდა გაეკეთებინათ სექსუალური ხასიათის ვარჯიშები, რის შემდეგაც მათ დასცინოდა. მათივე მტკიცებით, მწვრთნელი უნებართვოდ შედიოდა ქალების გასახდელ ოთახში და მოთხოვნის მიუხედავად, გასახდელს არ ტოვებდა.

ქალების ინტერესების დამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ადვოკატი, ანა აბაშიძე, რადიო თავისუფლებას ყოფილი მწვრთნელის მხრიდან განხორციელებულ კიდევ ერთ შესაძლო დისკრიმინაციაზე ელაპარაკება. ამ შემთვევაში, საქმე ეხება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას:

„ერთ-ერთი გოგოს მიმართ, რომელიც არ არის ეთნიკურად ქართველი, გარდა სექსუალური შინაარსის მიმართვებისა, იყო დამამცირებელი ეთნიკური კომენტარები, რაც მთლიანობაში, ექვსივე გოგოს უქმნიდა მტრულ გარემოს, რის გამოც, საბოლოოდ, ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ დროზე ადრე შეეწყვიტათ კონტრაქტი და 2019 წლის მიწურულს დატოვეს საფეხბურთო კლუბი“.

ადვოკატის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა კლუბი კონტრაქტის ამოწურვამდე, პროტესტის ნიშნად დატოვეს, მწვრთნელმა, საკითხის განსახილველად მიმართა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს და მოითხოვა ფეხბურთელების მხრიდან ზიანის ანაზღაურება. ანა აბაშიძის თქმით, კომიტეტმა მწვრთნელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა:

„კომიტეტის განხილვაში მწვრთნელი დამარცხდა. კომიტეტის დასკვნით, ფეხბურთელებს მწვრთნელის მხრიდან მართლაც ჰქონდათ არაჯანსაღი გარემო შექმნილი და საბოლოოდ, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გოგოებს ჰქონდათ უფლება, დროზე ადრე დაეტოვებინათ კლუბი“.

კომიტეტის გადაწყვეტილება კლუბის მწვრთნელმა ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრა. თუმცა, ტრიბუნალს ამ საკითხზე, ჯერჯერობით, არ უმსჯელია. როგორც ტრიბუნალის ხელმძღვანელი და ამ კონკრეტულ საქმეში ერთადერთი მოდერატორი, ზურაბ ბიწაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ტრიბუნალი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება:

„სხდომა გასული წლის ბოლოს, დეკემბრისთვის დაინიშნა, მაგრამ რაკი ფეხბურთელებმა სასამართლოს მიმართეს, ტრიბუნალის სხდომა გადაიდო და ამის შესახებ, მხარეებსაც ეცნობათ. სასამართლოს სხდომა და მისი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად და სანამ არ დასრულდება სასამართლო განხილვა, ტრიბუნალი იკავებს თავს სხდომის დანიშვნისაგან. შესაბამისად, როგორც კი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, უმოკლეს ვადაში დაინიშნება ტრიბუნალი, სადაც განიხილება ყველა საკითხი, რაც გამოიკვეთა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე და ასევე, სასამართლო განხილვის დროს“.

რაც შეეხება ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელის პოზიციას, მისი ადვოკატი, ლალი ჩირიკაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე, მოპასუხე მხარე კომენტარს არ გააკეთებს:

„მოსარჩელე მხარე ბევრს ლაპარაკობს და უნდათ, რაც შეიძლება უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, მაგრამ ერთია აზრის შექმნა და მეორე ჭეშმარიტება. სასამართლო დაადგენს ამ ყველაფერს, მხოლოდ სასამართლოს გზით შეგვიძლია განვიხილოთ, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო, როგორ იქნება და იმის მიხედვით დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას“.

ფეხბურთელების ადვოკატი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ მოპასუხე მხარის დაცვის სტრატეგია ეფუძნება „შეთქმულების“ არგუმენტს:

„მწვრთნელის დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელები მის დისკრედიტაციას ცდილობენ და ამაში ჩვენც ვართ გარეულები და რაც მთავარია, ამ ყველაფერში თანხა გვაქვს აღებული“.

ანა აბაშიძეს საყურადღებოდ მიაჩნია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელების საქმეზე, მოპასუხე მხარის მოწმედ დაიკითხება მოქმედი პროკურორი. ამ ფაქტის შესასწავლად ანა აბაშიძემ ცოტა ხნის წინ განცხადებით მიმართა პროკურატურის გენერალურ ინსპექციას:

„მწვრთნელის თეორია ასეთია, რომ თითქოს ეს პროკურორი ესაუბრა ჩვენთვის უცნობ პირს, არ ასახელებენ მის ვინაობას, რომელმაც პროკურორს უთხრა, რომ ფეხბურთელები შეთქმულებას უწყობენ მწვრთნელს. მოქმედი პროკურორი მზად არის, რომ წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მოსამართლეს უთხრას, რომ ეს ყველაფერი შეთქმულებაა. აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პროკურორმა იურიდიული კონსულტაცია გაუწია იმ უცნობ პირს, რაც არღვევს მოქმედი პროკურორის ეთიკის კოდექსს. მოქმედ პროკურორს ეკრძალება ისეთ საქმეზე იურიდიული კონსულტაციის გაწევა, რომელიც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მისი განსჯადი გახდეს. პროკურორის აზრით, საქმე ეხება არასრულწლოვნებით მანიპულირებას და ბავშვების ჩართვას შეთქმულებაში. ჰიპოთეტურად, ეს შეიძლება გახდეს ამ პროკურორის განსჯადი საქმე. გარდა ამისა, თუკი მას რეალურად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვიღაც დანაშაულს ამზადებს კონკრეტული პირის წინააღმდეგ, მას, როგორც პროკურორს, უნდა ემოქმედა და შესაბამისი უწყებებისთვის შეეტყობინებინა ეს ინფორმაცია. მით უმეტეს, რომ საქმეში არასრულწლოვანები არიან. ჩვენ ერთი თვის წინ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი. დღეს მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ პროკურორი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხება“.

ფეხბურთელების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის. მოსარჩელე მხარის ადვოკატის თქმით, სხდომა თებერვალში გაიმართება.

"Start To Talk" (ალაპარაკდი) - ეს არის ევროპის საბჭოს მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც მხარს უჭერს სპორტულ საზოგადოებას სპორტში არსებული მანკიერი შემთხვევების გამოვლენაში, პრევენციასა და მათ მინიმუმამდე დაყვანაში. ამ კამპანიაში მონაწილეობით მთავრობები, სპორტული კლუბები, ფედერაციები, სპორტსმენები, მწვრთნელები და სფეროს მოღვაწეები იღებენ პასუხისმგებლობას სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მისაღებად. გასული წლის დეკემბერში, ამ კამპანიის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა. კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG