Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაგვეხმარეთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში“


„დაგვეხმარეთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში“, - ამ მოთხოვნით ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი სოფელ აღაიანთან 5 თებერვლის საღამოს გადაკეტეს. საპროტესტო აქცია ნახევარ საათს გაგრძელდა. მანამდე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია გამართეს.

და საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.

მიხეილ გახელაძეს, ზაზა გახელაძის მამას, დღეს დაბადების დღე აქვს. მისთვის ყველაზე დიდი სადაბადებისდღეო საჩუქარი ცხინვალის ციხიდან მისი შვილის გათავისუფლება იქნებოდა. დილიდან ოჯახიც იმედიანად იყო განწყობილი, ამ ოპტიმიზმს კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების ცხინვალის სასამართლოში მიცემული ჩვენება ამყარებდა. რუსმა ჯარისკაცებმა თქვეს, რომ ზაზას მათი მისამართით დამიზნებით არ უსვრია. ყველაზე მძიმე მუხლი ზაზას საქმეში სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა იყო. ოჯახს სჯეროდა, რომ მოწმეების ჩვენების საფუძველზე დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ამ მუხლს მოუხსნიდა, მაგრამ ცხინვალიდან მიღებული ცნობის შემდეგ მიხეილ გახელაძეს გულის სამკურნალო და დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება მოუხდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

„12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. უკვე 7 თვე ხდება ისედაც, იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან, არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდევ რამდენი "მალე" იქნება, არ ვიცი. მამამისს წამლებით ვასულიერებთ. ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ამათთვის არც ახალი წელია, არც დაბადების დღე, არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი, ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება. სულ ღამეა, 7 თვეა. აღარც ძილი გვაქვს. არ ვიცი, რა ხდება ჩვენს თავს. თვითონ ჩემი შვილი იქ როგორ იქნება, არ ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცი“, - განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა.

ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გახელაძეების ოჯახში ჩავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე, რომელიც ოჯახს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა:

„დღევანდელი ანტიჰუმანური და უკანონო ე.წ. გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითს, რასაც წლების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო

ირაკლი ანთაძე
ირაკლი ანთაძე

ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ამკვიდრებდნენ. ეს არის უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიცია უკანონო დაკავებების დანაშაულებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მყარ ბერკეტს, ეს არის საერთაშორისო პარტნიორების განუყრელი თანადგომა ოკუპაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანთაძემ.

„გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ და არ უნდა ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება. შიგნით რა ხდება, ჩვენ ამაზე არ გვქონდა საუბარი. გვაიმედებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და მალე დაუბრუნდება ოჯახს“, - თქვა ირაკლი ანთაძესთან შეხვედრის შემდეგ ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.

ზაზა გახელაძის ცოლი
ზაზა გახელაძის ცოლი

ზაზა გახელაძის განაჩენის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადებები გაავრცელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალში საქართველოს მოქალაქისთვის 12,5 წლით პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. უწყება ამას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციას უწოდებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს თხოვნით, სათანადოდ შეაფასონ მორიგი პროვოკაცია.

„საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და უკანონო ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები“, - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის ბოლოს საქართველოში აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის ​გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

„აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით მას შემდეგ, რაც, დაახლოებით, შვიდი თვის წინ რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად.

ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩო თანადგომას უცხადებს გახელაძეს და მიუთითებს „რუსეთის მჩაგვრელ ოკუპაციაზე“.

„დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს, ასევე, არ აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, რაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში უკვე 209 დღეა, რაც იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG