Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაცია და გარეჯის თემა - რა განიხილა სინოდმა


მღვდელმთავრები სინოდის შემდეგ ტოვებენ საპატრიარქოს ტერიტორიას
მღვდელმთავრები სინოდის შემდეგ ტოვებენ საპატრიარქოს ტერიტორიას

საპატრიარქოს პრესმდივის, ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სინოდის სხდომა დასრულდა და მასზე მღვდელმთავრებმა "ბევრი საკითხი მცირე დროში" განიხილეს. განსახილველ თემებს შორის იყო დავით-გარეჯის საკითხი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და "რიგი ზნეობრივი საკითხები", რომლებიც ანდრია ჯაღმაიძეს არ განუმარტავს. მან თქვა, რომ სინოდის სხდომის ოქმი მოგვიანებით, რამდენიმე საათში გამოქვეყნდება და იქ იქნება ყველა განსახილველი საკითხი და მათზე გამოტანილი გადაწყვეტილება მოცემული.

სინოდის სხდომის პარალელურად საპატრიარქოსთან აქციას მართავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, რომელიც სინოდს ახსენებდა მათ მიერ დადებულ პირობას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც სონოდმა ბოლო წლებში მიიღო

2020 წლის 20 მარტს სინოდმა პანდემიის დროს ტაძარში მისვლის და მღვდელმსახურების წესების ცვლილების საკითხზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში ამხილა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს

2018 წლის 27 დეკემბრის სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ 12 მაისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდებოდა. ამავე სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებდნენ.

2018 წელის 21 ივნისს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს პატრიარქმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

2017 წლის ოქტომბერში სინოდში დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მსჯელობდნენ და გადაწყვიტეს, რომ სანამ „დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან“.

2017 წლის მარტში სინოდმა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე საპარტრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორობიდან გაათავისუფლა.

2016 წლის ივნისში სინოდმა გადაწყვიტა, რომ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს დოკუმენტი „მარათლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“.

2015 წლის იანვარში სინოდმა „იმსჯელა ახალი საგნის – „მე და საზოგადოების“ შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც“. ამავე კრებაზე მოისმინეს რუსთაველი მიტროპოლიტის ანგარიში საპატრიარქოს სკოლებში სასწავლო შედეგების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ გასულ წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე 30-მა მოსწავლემ დაამთავრა, ვერცხლის მედალი კი 35-მა მიიღო.

2014 წლის იანვარში სინოდში ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მსჯელობდნენ. ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ და აღინიშნა, რომ იგი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ელესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის. ამავე სხდომაზე გამოითქვა იმედი მომავალში კანონის შეცვლის შესახებ.

2012 წლის ივლისში სინოდმა დაადგინა, რომ „საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG