Accessibility links

site logo site logo

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა სინოდის სხდომის პარალელურად აქციას მართავს


დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს. სინოდის სხდომის დაწყებამდე ის საპატრიარქოს წინ ბანერით მივიდა, რომელზეც წერია, რომ დეკანოზი 4 წელია როგორც საპატრიარქოს, ისე ივანიშვილის პირადი ტყვეა.

"სამი წლის წინ, როცა სინოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, დღემდე არ შექმნილა. მოვუწოდებ, დააყენონ ეს საკითხი და შექმნან კომისია და იმსჯელონ ერთხელ და სამუდამოდ ციანიდთან დაკავშირებით. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ესენი არ შექმნიან კომისიას, რადგან როდესაც დასრულდება გამოძიება, საპატრიარქოს მაღალჩინოსნებთან გავა კვალი. ამიტომაც არ აწყობთ კომისიის შექმნა და ამიტომაც სამი წელია არ შექმნილა", — აცხადებს ის.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის განმავლობაში, ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული და ის სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. სხვადასხვა დროს უფლებადამცველები მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვდნენ, არსებობდა მოლოდინიც, რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებდა.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია ის საკითხები, რაზეც სინოდის კრებაზე მსჯელობენ მღვდელმთავრები. სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს.

სინოდის წინა სხდომაზე, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართა, მღვდელმთავრებმა პანდემიის დროს ერთი კოვზით ზიარების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ "ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია".

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც სონოდმა ბოლო წლებში მიიღო

2020 წლის 20 მარტს სინოდმა პანდემიის დროს ტაძარში მისვლის და მღვდელმსახურების წესების ცვლილების საკითხზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში ამხილა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს

2018 წლის 27 დეკემბრის სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ 12 მაისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდებოდა. ამავე სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებდნენ.

2018 წელის 21 ივნისს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს პატრიარქმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

2017 წლის ოქტომბერში სინოდში დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მსჯელობდნენ და გადაწყვიტეს, რომ სანამ „დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან“.

2017 წლის მარტში სინოდმა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე საპარტრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორობიდან გაათავისუფლა.

2016 წლის ივნისში სინოდმა გადაწყვიტა, რომ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს დოკუმენტი „მარათლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“.

2015 წლის იანვარში სინოდმა „იმსჯელა ახალი საგნის – „მე და საზოგადოების“ შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც“. ამავე კრებაზე მოისმინეს რუსთაველი მიტროპოლიტის ანგარიში საპატრიარქოს სკოლებში სასწავლო შედეგების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ გასულ წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე 30-მა მოსწავლემ დაამთავრა, ვერცხლის მედალი კი 35-მა მიიღო.

2014 წლის იანვარში სინოდში ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მსჯელობდნენ. ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ და აღინიშნა, რომ იგი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ელესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის. ამავე სხდომაზე გამოითქვა იმედი მომავალში კანონის შეცვლის შესახებ.

2012 წლის ივლისში სინოდმა დაადგინა, რომ „საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG