Accessibility links

site logo site logo

ორი შვილის დედა ციხეში ცრუ ბრალდების გამო ზის, აცხადებს „საფარი“


ინგა კაპანაძეს, რომელიც ციხეში შვილებზე ძალადობის ბრალდებით აღმოჩნდა, დანაშაული არასდროს უღიარებია. ქალი დღემდე ამბობს, რომ ეს ბრალდება მისმა ქმარმა მოიგონა და ბავშვებიც აიძულა დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცათ.

ინგა კაპანაძე 2018 წლის 10 მაისს დააკავეს. 112-ში მისმა მეუღლემ, ნიკოლოზ სადღობელაშვილმა, დარეკა. თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი ზარი, ისიც 112-ში.

ეს, ცოტა არ იყოს, ჩახლართული ისტორია წლების წინ დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის „საფარის“ წარმომადგენელი და ინგა კაპანაძის ადვოკატი, ელისო რუხაძე, ამბობს, რომ ქმარი ინგაზე დიდი ხნის განმავლობაში ძალადობდა და ერთხელაც ქალმა გადაწყვიტა ზომები მიეღო. მისი ორი შვილი მაშინ 7 და 10 წლისები იყვნენ.

„ინგამ 112-ში დარეკა და პოლიციას უთხრა, ჩემი ქმარი ნარკოტიკების მომხმარებელია და ჩემზე ძალადობსო. საპატრულო პოლიციამ სადღობელაშვილი [ინგას მეუღლე] შემოწმებაზე წაიყვანა. მას დაუდასტურდა, რომ, მართლაც, ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული. სახლში დაბრუნებულმა კარი გადაკეტა და ინგას ძალიან მაგრად სცემა. ბავშვები ჰყვებიან, ყელში ხელი წაუჭირა და არაყი ჩაასხა პირშიო. ბავშვს დახეული მაისური ჩააცვა (ვითომ დედამ შემოახია). ამის შემდეგ თვითონ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მისმა ლოთმა ცოლმა ბავშვებსცემა. სადღობელაშვილი ორჯერ ნასამართლევია და იცოდა, სამხილები როგორ შეექმნა“, - ჰყვება ელისო რუხაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ერთადერთი სამხილი დევს - ბავშვების ჩვენება დედის წინააღმდეგ. არსებობს, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდათ.

2 წლის შემდეგ საქალაქო სასამართლოში ბავშვებმა განაცხადეს, რომ დედის წინააღმდეგ ჩვენება მამის კარნახით და მუქარით მისცეს. რაც შეეხება ნატკენებს, წინა დღეს დეიდას უყიდია „როლიკები“ ბავშვებისთვის და ამ „როლიკებით“ სიარულს რომ სწავლობდნენ, მაშინ დაშავდნენ“, - ამბობს ადვოკატი.

ორივე მშობელი ციხეში

დავბრუნდეთ ცოტათი უკან. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც ინგა კაპანაძე შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს, ბავშვები მთელი წელი მამასთან ცხოვრობდნენ. ორგანიზაცია „საფარი“, რომელსაც ინგა დაპატიმრებამდე დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მისი ქმარი მოძალადე იყო, ცდილობდა ნიკოლოზ სადღობელაშვილი პასუხისგებაში მიეცა. საბოლოოდ, მას ცოლზე ძალადობისთვის ბრალი წარუდგინეს.

ინგას ქმარი რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან და მთავაზობდა, საქმე დავხუროთ და ბავშვებს სიმართლეს ვათქმევინებო, ანუ ათქმევინებდა იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. ბავშვებმა, მისგან დაშინებულებმა, მისცეს ცრუ ჩვენება“, - ამბობს ელისო მახვილაძე.

პატარა ბიჭი მიყვებოდა, გამრავლების ტაბულა რომ ვერ ვუპასუხე, თავი კედელზე ისე მიმარტყმევინა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდაო.

ნიკოლოზ სადღობელაშვილს სასამართლომ ცოლზე ძალადობა დაუმტკიცა და წელიწადი და ოთხი თვე პატიმრობა მიუსაჯა. ბავშვები, რომელთა დედ-მამა ციხეში აღმოჩნდა, მინდობით აღსაზრდელად კახეთში მარინა გურაშვილთან გადაიყვანეს.

რომ მოიყვანეს, საშინლად მოუვლელები იყვნენ. გოგო სამი დღე ოთახიდან არ გამოსულა, საჭმელსაც არ ჭამდა. ხმაურზე, ხმამაღალ ლაპარაკზე კრთებოდნენ, ძალიან იყვნენ „დასტრესილები“, - ჰყვება მარინა გურაშვილი. ის იხსენებს, რომ თავიდან ბავშვები დედაზე ბრაზით ლაპარაკობდნენ, მამას კი აქებდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გაიგებდნენ, რომ მამა ციხეშია და იქიდან კარგა ხანი არ გამოვა. - ერთხელ, დილით, გოგო მეუბნება, ხომ გახსოვთ, რომ მოვედით, როგორ ვიყავი, მაშინ თავის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილიო. თავზარი დამეცა, რას ჰქვია, თავის მოკვლა-მეთქი. დაჯდა და მომიყვა, თუ როგორ აძალებდათ მამა დედის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ, როგორ სცემდა დედას და თუ შეეშველებოდნენ, მათაც. უაზროდ სჯიდა ბავშვებს. პატარა ბიჭი მიყვებოდა, გამრავლების ტაბულა რომ ვერ ვუპასუხე, თავი კედელზე ისე მიმარტყმევინა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდაო. ძალიან ბევრ რამეს მიყვებოდნენ.

ხშირად მამიდა რეკავდა გერმანიიდან და არიგებდა, ადვოკატისთვის რა უნდა ეთქვათ. ბავშვები ისეთ შოკში იყვნენ, რომ მის სიტყვას არ გადადიოდნენ. ბოლოს სოციალურ სამსახურს დავუკავშირდი და მამიდის ნომერი დავაბლოკინე“.

ბავშვები მთელი წელი უპატრონოდ იყვნენ

ბავშვები კვლავ წარდგნენ სასამართლოს წინაშე და, მათი მონაყოლიდან გამომდინარე, ნიკოლოზ სადღობელაშვილს ბრალად ბავშვებზე ძალადობა წარედგინა, რაც ბრალდებულმა თავადაც აღიარა. საპროცესო შეთანხმების შემდეგ მას სამი წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა.

ბავშვების ბებია, ნათელა კაპანაძე, ამბობს, რომ როდესაც მისი შვილი, ინგა, დაიჭირეს, თვეების განმავლობაში მამამისი მას ბავშვებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

შვილიშვილებს ვურეკავდი, ამიტომ ბავშვი წაიყვანა და ჩვენება მიაცემინა, რომ ვაწუხებდი. შემაკავებელი ორდენი გამომიწერეს. მთელი წელი უპატრონოდ იყვნენ. ვიცოდი, რა მამაც ჰყავდათ, მაგრამ ვერაფერს ვშვრებოდი. გუშინაც ისხდნენ და მელაპარაკებოდნენ: ბებია, შენ კიდევ არ იცი, მამა დედას როგორ ექცეოდაო. ახლაც მამას რომ მიამგვანებენ ვინმეს, გამორბიან. ბავშვი დედის სასამართლოზე თვალჩალურჯებული მიიყვანა. მოსამართლემ ჰკითხა კიდეც, რა გჭირსო, და ბურთისთვის ვიჩხუბეთო“.

ნიკოლოზ სადღობელაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე ამირხანაშვილი, ამბობს, რომ მართალია, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი - ცოლ-შვილზე ძალადობა - დაუმტკიცდა, მაგრამ ბავშვების დედაც მოძალადეა.

მოგონილი ლეგენდაა, რომ არაყი ჩაასხა პირში და ასე შემდეგ. ინგა, სამწუხაროდ, ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული და ბავშვებზეც ძალადობდა. სადღობელაშვილს თავად არ უნდოდა ყველაფრის გასაჯაროება და მეც ხელ-ფეხი შემებორკა. მოწმეებს ცოლზე ძალადობაც არ უნახავთ. უბრალოდ, ამბობდნენ, რომ ინგას დალურჯებულს ხედავდნენ და ნიკოლოზის გარდა სხვა ვინ იზამდაო“, - ამბობს ის.

​2020 წლის ბოლოს ბავშვების მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე აღიძრა კიდევ ერთი საქმე: მამის მხრიდან შვილებზე დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულება - სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლი.

აღიძრა და მეტი არაფერი გაკეთებულა. მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესს“, - ამბობს ელისო რუხაძე.

პროკურორ თორნიკე ტყაბლაძეს გამოძიების დეტალებზე ლაპარაკი არ სურს. ის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია და ახლა შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

თუ „საფარს“ რამე კონკრეტული ბრალდება აქვს, შეუძლია მომართოს პროკურატურას და განვიხილავთ“, - განაცხადა ტყაბლაძემ.

ინგა კაპანაძემ მისჯილი ოთხი წლის დიდი ნაწილი ისე მოიხადა, მის ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი არ გასცემია. „საფარი“ ითხოვს აქტიურად წარიმართოს დაწყებული გამოძიება, რადგან, თუ ინგა კაპანაძე უდანაშაულოა, მხოლოდ ამ გამოძიებაზეა დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შეძლებს ის სახლში დაბრუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG