Accessibility links

logo-print logo-print

ნიკა მელია დაკავებულია


საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დააკავეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა. შენობაში შესვლამდე პოლიცია ხმის გამაძლიერებლით ეზოდან მიმართავდა ნიკა მელიას, რომ ჩაბარებოდა, პარტიის ოფისში მყოფებს კი მოუწოდებდა, კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

შენობაში გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. არიან დაშავებულები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 7:30 საათისთვის მივიდნენ და შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. მობილიზებული იყო ასეულობით პოლიციელი და სპეცრაზმელი.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და "ქართული ოცნება" გავრილოვის დავალებას ასრულებს.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG