Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა მელიას


ნიკა მელია
ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო. თავად ნიკა მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. იმის გამო, რომ ის ამ საქმეზე მიმდინარე ერთ-ერთი პროცესის დროს მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას დეპუტატის უფლებამოსილება მე-9 მოწვევის პარლამენტშიც შეუწყვიტეს.

საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG