Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა პოლიციას მადლობა გადაუხადა მელიას დაპატიმრების სპეცოპერაციისთვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს“ ნიკა მელიას კიდევ ერთხელ უწოდა კრიმინალი და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას.

„დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა საჯაროდ, ბატონ გომელაურს გადავუხადო მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით და მთელს პოლიციას მინდა გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, - უთხრა მედიას ღარიბაშვილმა პარლამენტის შენობასთან, სადაც პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს გმირმა პოლიციამ აჩვენა ცივილიზებული ქვეყნების, ევროპული და ამერიკული დემოკრატიების შეაბამისი უმაღლესი სტანდარტი.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ისევე როგორც გუშინ, 22 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას, ნიკა მელიას დღესაც კრიმინალი უწოდა: „ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დღეს დილით მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, უკავშირდება სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს“.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობის თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხი არ გასცა მედიის შეკითხვას, რით უპასუხებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კრიტიკას და როგორ აუხსნის, რომ ნიკა მელია არ არის პოლიტპატიმარი.

დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ე.წ. წიწაკის გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“. გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და „ქართული ოცნება“ გავრილოვის დავალებას ასრულებს.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. 2019 წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG