Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: შეხვედრიდან 12 საათში გააგრძელეს დესტრუქციული ქმედება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირებით ოპოზიცია აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს. გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით მან დღეს მედიასთან საკუთარი სურვილით, საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ, ისაუბრა.

"კონსტრუქციული შეხვედრა შედგა შარლ მიშელის ინციატივით და მე დავთანხმდი ამ შეხვედრას, რადგან კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში, დესტრუქციული ქმედება მათ გააგრძელეს, ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცედლობას, რაც არის სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული. არ ემსახურება არც ამ ფორმატს, ამ დიალოგს, რომელიც გუშინ დავიწყეთ და, რაც მთავარია, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ეს "წითელ ხაზად" რჩება.

"მე და ჩემი გუნდი ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ახირების თუ პირადი ინტერესებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ პარტიებს სურთ დიალოგის დაწყება, ჩვენ გავხსენით ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი", - დასძინა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ. არსებული კრიზისის ფონზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინციატივით, გუშინ, 1 თებერვალს შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG