Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, ვადამდელი არჩევნები კვლავ "წითელი ხაზია"


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მიხედვით, მმართველი გუნდის პოზიცია ნიკა მელიას საქმესა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. განმარტებები პრემიერმა გუშინ ოპოზიციასთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური მიზეზი და ეს "წითელ ხაზად" რჩება:

"ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის "წითელი ხაზი". ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება".

მან ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

"მე და ჩემი გუნდი ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ახირების თუ პირადი ინტერესებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ პარტიებს სურთ დიალოგის დაწყება, ჩვენ გავხსენით ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი", - დასძინა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ. არსებული კრიზისის ფონზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინციატივით, გუშინ, 1 თებერვალს შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ აცხადებდნენ, რომ განსახილველ საკითხებს შორის ისევ რჩება ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG