Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლიმ საქართველოში ვიზიტზე მიღებული უარი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ინფორმაციით, მისმა ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რადგან ისევ არ ეძლევა საქართველოში ჩასვლის და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა.

მუხთარლი ფეისბუკზე წერს, რომ საქართველოში ჩასვლა სურს, რათა ჩვენება მისცეს პროკურატურის გამომძიებლებს და აჩვენოს მარშრუტი, რომლითაც საქართველოდან აზერბაიჯანში წაიყვანეს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას, როგორც დაზარალებულს, ამის უფლება აქვს.

აფგან მუხთარლის თანახმად, როცა აზერბაიჯანის საპატიმროში იმყოფებოდა, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თავს იმით იმართლებდნენ, რომ აზერბაიჯანი არ აძლევდა დაკითხვის უფლებას. ჟურნალისტი წერს, რომ დაახლოებით ერთი წელია თავისუფალია და საქართველოს ხელისუფლება ყველა საშუალებით ხელს უშლის მის ვიზიტს.

აფგან მუხთარლი იხსენებს, რომ წინა ჯერზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში საქართველოში მისი ჩასვლის გადაწყვეტილება საეჭვო იყო და პოლიტიკურ დაპირისპირებას დაუკავშირა, რაც მუხთარლის სიტყვებით, სისულელეა! ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თუ მის გატაცებასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს, თბილისში ჩასვლის შესაძლებლობა უნდა მიეცათ საქმის სათანადო გამოძიების მიზნით, მაგრამ უარი კიდევ ერთხლ ამტკიცებს, რომ გატაცებასთან კავშირი აქვს საქართველოს მთავრობას.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბერლინიდან გამოფრენის უფლება არ მისცეს და მიზეზად დაუსახელეს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესები.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

აფგან მუხთარლის საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG