Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ სასამართლოში უჩივლებს


აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც საქართველოში გერმანიიდან უნდა ჩამოსულიყო, რათა თავისი სურვილით პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა, ბერლინიდან გამოფრენის საშუალება არ მისცეს.

როგორც ის უყვება რადიო თავისუფლებას, გაუგებარი და დაუსაბუთებელია მისთვის გამოფრენაზე უარის თქმის მიზეზი. მუხთარლის თქმით, უარი ავიკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ წარმადგენლისგან მიიღო, იმ არგუმენტით, რომ შეიცვალა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები და ამის გამო მას საქართველოში გაფრენის საშუალებას არ მისცემენ.

„შევავსე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს საიტზე ბლანკი. ოფიციალურად მიპასუხეს, რომ დარეგისტრირებული ვარ და შემიძლია საქართველოში წასვლა, მხოლოდ ამისთვის უნდა გავიკეთო კორონავირუსის ტესტი ბერლინში ან თბილისის აეროპორტში. ბერლინში ჩავაბარე კორონავირუსის ტესტი, მქონდა საქართველოს პროკურატურის მოწვევა. ჩაიბარეს ბარგი, მომცეს ბილეთი, 15 წუთში მოვიდა მამაკაცი, რომელმაც მითხრა, რომ ავიაკომპანიას წარმოადგენს. ის ხშირად ურეკავდა საქართველოს საკონსულოს, როგორც ჩანს, იქიდან მიიღო ჩემი არგაშვების ბრძანება“, - ეუბნება აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტები არ წარუდგენით, მაგრამ უთხრეს, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშრიებით განკარგულბა მიიღო, რის გამოც მას საქართველოში არ შეუშვებენ და ბილეთი გააუქმეს.

აფგან მუხთარლი აპირებს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ და საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

„საქართველოს პროკურატურის მოწვევა მქონდა, თუ საქართველოს პროკურატურა არ არის ოფიციალური ორგანო, მაშინ თქვან. მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებას, ივანიშვილს არ უნდოდა, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში, მიმეცა ჩვენება, მეჩვენებინა დანაშაულის ადგილი. აზერბაიჯანიდან გამაგდეს, ახლა გამოდის, რომ თბილისში ჩასვლის უფლებაც არ მაქვს, რომ ახლობლებს შევხვდე. ვფიქრობდი, დედაჩემი, რომელსაც კიბო აქვს, და ჩემი ძმა მენახა, ჩვენ ხო ზაქათალიდან ვართ, ვფიქრობდი, შევხვდებით თბილისში. მაგრამ, როგორც ჩანს, ორივე ხელისუფლებამ [საქართველოს და აზერბაიჯანის] ასე გადაწყვიტა. ვფიქრობ, სასამართლოში ვიჩუვლო ავიაკომპანიას და საქართველოს ხელისუფლებას, თითქმის 600 ევრო დავხარჯე, ბილეთი ვიყიდე, 120 ევრო კორონავირუსის ტესტში გადავიხადე, ლაიფციგიდან ბერლინში ჩავედი და ორი ღამე სასტუმროში გავატარე გამოფრენამდე და, ამას გარდა, უბრალოდ დამცინეს. მანამდე შეეძლოთ ეთქვათ, რომ არ შეეძლოთ ჩემი თბილისში გაშვება“, - ეუბნება აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას.

ავფან მუხთარლისთვის საქართველოში გამომგზავრებაზე უარის საფუძველთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განცხადება გაავრცელა. კომპანიის თანახმად, მუხთარლის უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის აზარბაიჯანის მოქალაქეა და არ შედის „მწვანე ზონის ქვეყნების“ ჩამონათვალში, რომელთაც საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ.

„აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

აფგან მუხთარლისა და მის ოჯახს თავშესაფარი აქვთ მიღებული და გერმანიაში ბინადრობის უფლებით სარგებლობენ. მან შესაბამისი საბუთიც გამოაქვეყნა ფეისბუკში, მუხთარლი გერმანიაში ბინადრობის უფლებით სარგებლობს 2021 წლამდე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 სექტემბრიდან ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში PCR ტესტის პასუხით უნდა ჩამოვიდნენ. ეს შეეხება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მოქალაქეებს. მათ საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ მხოლოდ საჰაერო გზით. განკარგულების თანახმად:

"იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს, ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით".

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

რადიო თავისუფლება ელოდება პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აფგან მუხთარლისთვის საქართველოში გამომგზავრებაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG