Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება დაემართოს ქალ ადვოკატს, როცა გავლენიანი კაცის ყოფილ ცოლს იცავს - ბასილაშვილის გამარჯვების ორი მხარე


ცნობილი ადვოკატი ქალები, რომლებსაც არაერთი საქმე მოუგიათ დაჩაგრული ბავშვებისა და ქალების სასარგებლოდ, თავად გადაიქცნენ აგრესიის სამიზნეებად. 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბოლო გამარჯვებამ დოჰის ტურნირზე განაახლა საჯარო განხილვები მის მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე და, პარალელურად, ააგორა სიძულვილის ახალი ტალღა, რომელმაც ქალებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაარტყა. ეს არ არის არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, თუმცა ნელი დოროყაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ნამდვილად არის ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი ქალი უფლებადამცველების მიმართ ორგანიზებული შეტევა, სადაც გენდერული ასპექტი მნიშვნელოვანია.

„ამხელა აგრესია იმის გამო, რომ შენ პროფესიულ საქმეს აკეთებ, არავის საქმეა? აუცილებელია, ჯერ თავი მოგვაჭრან?” - იკითხა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ გუშინ, ფეისბუკის პირად გვერდზე. მასაც და მის კოლეგებსაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” არაერთმა ადამიანმა მხარდაჭერა და სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადა, თუმცა გაცილებით მეტია მუქარა, დაცინვა და შეურაცხყოფა.

ათობით დამამცირებელი და სალანძღავი მესიჯი, იმავე შინაარსის ასობით კომენტარი ცნობილმა უფლებადამცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰის ტურნირზე ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მოუგო. ისინი, ვისთვისაც ძალადობა მტკივნეული თემაა, საზოგადოების მეორე ნაწილს ახსენებენ, რომ გამარჯვებული ბასილაშვილი ბრალდებულია ყოფილი ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობაში და მის წარმატებაზე საუბრისას ეს გარემოებაც იმსახურებს აღნიშვნას. მართალია, სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია და საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ ძალადობის ფაქტები დადასტურებულია შემაკავებელი ორდერებით როგორც ჩოგბურთელის, ასევე მისი მშობლების მიმართ.

„ჩვენთვის არ არის ახალი და არ გვიკვირს წინააღმდეგობა, რომელსაც ვხვდებით ქალთა უფლებების დაცვის დროს, თუმცა, ამ საქმეზე ყველაფერს გადააჭარბა აგრესიამ, რაც მოდის როგორც ჩვენზე, ასევე დაზარალებულზე. [ნელი დოროყაშვილს] ქუჩაში გასვლის პრობლემები შეექმნა, ვერბალური ძალადობები ხდება მის მიმართ, მარტო ვერ გადის. ახლა უკვე ჩვენც, როგორც უფლებადამცველები და როგორც ქალები, გავხდით ძალიან სერიოზული შეტევის მსხვერპლები. ითხოვენ, რომ გაგვაძევონ ქვეყნიდან, დაიხუროს ჩვენი ორგანიზაცია, საშინლად, სექსისტურად დაგვცინიან გარეგნობაზე, მეტყველებაზე - ეს არ არის ჩვეულებრივი შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რაც აქამდე გვინახავს, ეს შეტევა ხორციელდება იმის გამოც, რომ ჩვენ ქალები ვართ და ქალს ვიცავთ. ერთი ძალადობა ხომ მოხდა, სადაც ჩვენ ვიცავთ დაზარალებულს, მაგრამ ამ წუთში რაც ხდება, ესეც არის ძალადობის განმეორება და ძალადობის ახალი ფაქტები”, - გვიყვება ანა არგანაშვილი, ნელი დოროყაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი.

მისთვის ეს არ არის ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვის პირველი საქმე. ანა ჩართული იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების გახმაურებულ საქმეებში [ზვიად დევდარიანის საქმე, შალვა რამიშვილის საქმე] და მან იცის, რომ ყველა ქალის ბრძოლა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს, არ არის მხოლოდ მისი ბრძოლა. თითოეული ქალის ბრძოლა მნიშვნელოვანია სხვა ქალებისთვისაც, რომლებიც ვერ ბედავდნენ ხმამაღლა საუბარს, რომლებსაც შეიძლება ჯერ კიდევ არ სჯეროდეთ, რომ ერთ დღესაც სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ და თავს დააღწევენ სატანჯველს, რომელიც მათი ბრალი არ არის. ყველა ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ არის მაგალითი სხვა ქალებისთვის და თუკი მსხვერპლი იმის გამო, რომ ხმამაღლა ლაპარაკს გაბედავს, განმეორებით გახდება საზოგადოების მხრიდან ორგანიზებული ძალადობის სამიზნე, დამცინავი, შეურაცხმყოფელი და მადისკრიმინირებელი კომენტარების ობიექტი, ეს მნიშვნელოვნად წევს უკან ბრძოლას ქალების უფლებებისთვის.

„მსხვერპლი ქალები სულელები არ არიან. ისინი ხედავენ, როგორი ემოციური წნეხის და უკვე ხალხისგან განმეორებითი ძალადობის გადატანა უწევთ იმ ქალებს, რომელმაც თქვა, რომ მე ვარ ძალადობის მსხვერპლი. რას ვეუბნებით ჩვენი ასეთი საქციელით მათ, ვინც ახლა ტანჯვაშია და დახმარება სჭირდება?” - კითხულობს ანა აბაშიძე და სახელმწიფოს ახსენებს, რომ მისი ფუნქცია არა მხოლოდ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ძალადობის პრევენცია და რისკების დაზღვევაცაა.

„არცერთი ძალადობა ისეთი სიმძაფრით არ ამახსოვრდებათ მსხვერპლებს, როგორც ის კოლექტიური კიბერბულინგი, რომელსაც ალაპარაკების შემდეგ ვიღებთ - საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს ამას.

ყველა კომენტარი ჯერ ისევ გახსნილ ჭრილობაში მარილის გრანულას ემსგავსება, გწვავს და გტკივა და საბოლოოდ შეიძლება სრულად გამოგაცალოს ძალა, იბრძოლო გადარჩენისთვის.

ნუ გვექცევით ასე სასტიკად ქალებს, ოდნავი თანაგრძნობა გამოიჩინეთ და დუმილი მაინც შეინარჩუნეთ, თუ გამამხნევებელი სიტყვები გენანებათ ხოლმე”, - ასე გამოეხმაურა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, თათია სამხარაძე ფეისბუკში ნელი დოროყაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. ის ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ღიად ილაპარაკა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე. მოძალადე მის საქმეში, შალვა რამიშვილი, ამ დრომდე აქტიური საჯარო პერსონაა, ხშირად ჩანს ეკრანზე, აქვს საკუთარი გადაცემა - მისი შემთხვევა ცხადყოფს, რომ მოძალადის მიმართ საზოგადოების აზრი ხშირად იმაზე უფრო ლოიალურია, ვიდრე მსხვერპლი ქალის მიმართ.

„ყველა სიტყვა და კომენტარი მახსოვს, რომელმაც მთავარი ტკივილი დამავიწყა. დღემდე ვერ ამომიხსნია, რა ფენომენია”, - ეს ეკა მესხიძეა, სექსუალური შევიწროების კიდევ ერთი მსხვერპლი. [მისი სქესის ნიშნით და სექსუალური შევიწროება დაადგინა სახალხო დამცველმა, თუმცა არა სასამართლომ]. ეკა თავის უფროსს, საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელს ადანაშაულებდა ძალადობაში - იუსტიციის მინისტრი კი ამ თემაზე კომენტირებისას საუბრობდა იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია, ძალადობის შესაძლო შემთხვევებში მოვუსმინოთ კაცებს. ეკას შემთხვევამ აჩვენა, რომ მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს უჭირთ, უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადონ მსხვერპლს და ხმამაღლა, სხვა მსხვერპლების გასაძლიერებლად, დაგმონ ძალადობა.

„მე ხომ სხვა ქალებს ვიცავ, ბავშვებს ვიცავ - მირეკავენ შეშინებული. მათთვის მე ვარ დაცვის გარანტი - მე თუ დავსუსტდი, აღარც შეტყობინებას გააკეთებენ და ძალიან ბევრი მათგანი ბრძოლას შეწყვეტს. ჩვენი ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნაა, მოგვცემ მუშაობის საშუალება”, - ამბობს ანა არგანაშვილი. მას და მის კოლეგებს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის საქმეზე უახლოესი სხდომა სასამართლოში 19 მარტს აქვთ. ანა ამბობს, რომ მათთვის, როგორც ადვოკატებისთვის, სწორედ სასამართლოა ტრიბუნა, სადაც სურთ მსხვერპლის დასაცავად საუბარი და ასეც იქნებოდა, რომ არა მეორე მხარის მიერ სტრატეგიად თავდასხმის გზის არჩევა.

„სპეციალურად გაღიზიანებული და მიზანმიმართულად პირველ რიგში ნელისკენ და შემდეგ ჩვენსკენ მომართული ხალხი, არაფერს ერიდება: მუქარას, ლანძღვა-გინებას, ქუჩაში დახვედრას, შეშინებას… ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა, რომელიც დააზიანეს, იძალადეს, ახლა უფრო მეტად იგრძნოს თავი დამნაშავედ მხოლოდ იმის გამო, რომ თავის თავის დაცვა სცადა და შეეშინდეს ირგვლივ თანამოქალაქეების - ამ პროცესის ასე მიშვება არის ჯოგური ცხოვრების პრინციპი და ამაზე, მე მგონია, რომ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა წუხდეს”, - ამბობს ანა აბაშიძე, ნელი დოროყაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი.

ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბასილაშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდებოდა, ფედერერთან მოგების შემდეგ, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დოჰის ტურნირს წერილობით მიმართეს და ბასილაშვილის ასპარეზობიდან მოხსნა მოითხოვეს. ამავე დროს, ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, სახალხო დამცველს სთხოვდა, დაეცვა ჩოგბურთელი - ისიც ბასილაშვილის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაზე წუხდა და, ამავე დროს, თავად უყენებდა ბრალდებებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა“, - თქვა ირმა ჭკადუამ 12 მარტს. ცრუ ინფორმაციაში, რომელიც დოჰის ტურნირის ორგანიზატორებისთვის წერილის გაგზავნას შეეხებოდა, მანიპულაციურად იყო გამოყენებული სახალხო დამცველის ფოტოც. ამ მანიპულაციამ აგრესიის ნაკადი ნინო ლომჯარიასკენაც მიმართა. თავდასხმის ობიექტი გახდა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაიაც.

„იმ მხარემ ასეთი მოთხოვნა დაუყენა ხალხს - თუ გინდათ ჩემპიონი, მაშინ არათუ უნდა დაივიწყოთ რა მოხდა, თქვენც მისი ქცევა გაიზიარეთ. ხალხი როგორი პათოსით გვლანძღავს, იცით, იმან ხომ მიაყენა თავის ცოლს შეურაცხყოფა, მეც მოგაყენებ შეურაცხყოფას - თითქოს, თანამონაწილეები ხდებიან, რომ ის აღარ იყოს ერთადერთი მოძალადე ამ სიტუაციაში”, - ამბობს ანა არგანაშვილი, რომელიც თვლის, რომ მისთვის, როგორც ადვოკატისთვის, მტრული გარემო შექმნა სიძულვილის კამპანიამ და ის, როგორც ქალთა უფლებადამცველი, თავს დაუცველად გრძნობს. ბოლო დღეების განმავლობაში მიღებული არაერთი მუქარისა და შეურაცხყოფის წერილი ადვოკატებს შენახული აქვთ, თუმცა ჯერ უჭირთ შეფასება, რამდენად შეიძლება გამოდგეს ისინი მათ წინააღმდეგ დანაშაულის მტკიცებულებად - საკუთარი თავის დაცვასაც რესურსი სჭირდება და ახლა ადვოკატებს ამის დრო არ აქვთ, ისევე როგორც არ აქვთ უფლება, იყვნენ სუსტები და აჩვენონ დაცვის ქვეშ მყოფებს, რომ ზოგჯერ მათაც ეშინიათ, ზოგჯერ ისინიც დაუცველად გრძნობენ თავს.

„ქვეყანაში უნდა არსებობდეს რაღაც უწყება მაინც, რომელიც უფლებადამცველების დამცველი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია, რომ უფლებადამცველებს სერიოზული გამოწვევა აქვთ და არც ჩვენი ქვეყანაა ამ მხრივ გამონაკლისი. დღეს მხარს მხოლოდ საკუთარი კოლეგები თუ გვიჭერენ - ისინი, ვინც თვლის, რომ ადამიანები პროფესიული საქმიანობის დროს უნდა იყვნენ დაცულები”, - ამბობს ანა აბაშიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების, მაღალი რანგის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც კი, სადაც დაგმობილი იქნებოდა ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი ძალადობის მსხვერპლებისა და მათი უფლებადამცველების მისამართით, პროცესს დაეხმარებოდა, თუმცა იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც საქართველოში ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების მხრივ არსებობს, ეს რთული წარმოსადგენია. არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველიც კი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი, არაერთ საჯარო მოხელეს გაუკეთებია უფლებადამცველების მიმართ სკეპტიკური, ცინიკური ან სულაც შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტებელი განცხადება.

სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბიძინა ივანიშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები იყო. ამგვარი შემთხვევები „ლეგიტიმურ საფუძველს” ქმნის არასამთავრობო სექტორზე თავდასხმებისთვის.

ბასილაშვილის შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები და სამთავრობო ანგარიშები სოციალურ მედიაში მას აქტიურად ულოცავდნენ წარმატებას, არცერთ განცხადებაში არ ყოფილა ხსენებული ძალადობა, რომელიც დაუშვებელია.

იქონიებს თუ არა „სახალხო სასამართლო” გავლენას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე - სამართლებრივი პროცესი აჩვენებს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და უახლოესი სასამართლო სხდომა რამდენიმე დღეში, 19 მარტს არის დანიშნული. პროცესები სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დატვირთული სპორტული ცხოვრების მიზეზით გაიწელა - სასამართლოს დასკვნამდე ჩოგბურთელს შვილთან და ყოფილ ცოლთან კონტაქტი სასამართლოს გადაწყვეტილებითვე შეზღუდული აქვს. ყველა ის ვალდებულება, რასაც ბასილაშვილი ყოფილი ცოლის და შვილის მიმართ ასრულებს, მაგალითად, უძრავი ქონება, ავტომობილი ან 100 000-ლარიანი კომპენსაცია, რაც ყოფილმა მეუღლემ ნელი დოროყაშვილს გადასცა, ბასილაშვილს სასამართლოს ძალით ჰქონდა დაკისრებული და მორიგების აქტშია გაწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG